Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მყოფი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს მთიანი ყარაბაღის საკითხზე


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „ტვიტერზე“ წერს მთიანი ყარაბაღის შესახებ. ის მხარეებისგან დაჟინებით მოითხოვს მინსკის ჯგუფის ფორმატში დაბრუნებას.

„როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფაა, აშშ მსოფლიოს აძლევს მიმართულებას რომ ამას უპასუხოს. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ დახმარება იმ ხალხისთვის რომლებზეც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა მოახდინა გავლენა", - წერს პომპეო. ის აცხადებს, რომ აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დაუბრუნდნენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატს საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.

სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

XS
SM
MD
LG