ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ დიალოგის დაწყება მხარეთა შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება:
„რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს და მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის გამართვის შესახებ. მისი თქმით, მმართველი პარტიის პოზიციაა, გადამოწმდეს ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდანაა დასმული.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კოსტრუქციული და გახსნილი პოზიცია, ჩვენ გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ეს კონსტიტუციაში და კანონშია გაწერილი", - უთხრა მედიას არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.
31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.