Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს


"გირჩი", "ევროპული საქართველო", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

ისინი აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. უცვლელია მათი მოთხოვნებიც:

  • არჩევნების ხელახლა ჩატარება;
  • ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მათი განცხადებით, სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

ოთხი ოპოზიციური პარტია ასევე მოითხოვს შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არ არის საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

„მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს“, - წერია განცხადებაში.

ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მზად არის გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი.

ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიდან ვინ შეუერთდება ამ განცხადებას, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შეხვედრის შემდეგ.

ამ განცხადებას წინ უძღოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომლითაც მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ თანაგუნდელებშიც კი გამოიწვია აღშფოთება, ვაშაძემ დამატებით განმარტა, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, ამავე დროს, ამ პროტესტს „სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით“. ხოლო სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, ოპოზიცია არც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას და არც პარლამენტში შევა.

XS
SM
MD
LG