Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან თანამშრომლობის წინაპირობას ასახელებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის წინაპირობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების პატივისცემაა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების და ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მედიამ არჩილ თალაკვაძეს ჰკითხა, რა წინადადებები აქვს ოპოზიციასთან დიალოგისთვის მმართველ პარტიას და რა დათმობებია შესაძლებელი.

„დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ - „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოაქვეყნა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდეც და მას შემდეგაც თქვა, რომ პატივს სცემს საზოგადოების არჩევანს და დროა, რომ ოპოზიციამაც იგივე თქვას და ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობაა, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს: „ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს, როგორც გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში“.

თალაკვაძის თქმით, მზად არიან ამ საკითხებზე თანამშრომლობისა და მოლაპარაკებისთვის ყველასთან, ვისაც სურს პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ნორმალური პოლიტიკა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

9 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს და: „ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“.

XS
SM
MD
LG