სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის შეწყვეტაზე დადებული შეთანხმებით.
სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი, ედუარდ აღაჯანიანი აცხადებს, რომ მირზოიანმა დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა,ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ. დოკუმენტს სომხეთის ლიდერთან ერთად, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აწერენ ხელს.
შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.
მომიტინგეები ერევანში შეიჭრნენ მთავრობის სახლში და პრემიერ მინისტრის კაბინეტში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.