Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს


აქცია პარლამენტთან, 9 ნომბერი
აქცია პარლამენტთან, 9 ნომბერი

8 ნოემბერს ცესკო-ს შენობასთან აქციის წყლის ჭავლით დაშლას ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა ჯებრეა ჰოჯა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა გამოეხმაურნენ. ისინი დემონსტრანტებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური უფლებები – დაცული. მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მივესალმები ხალხის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებ დემონსტრაციას მშვიდობიანობისკენ. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ პოლიციას აქვს ვალი, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტების მიმართ, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუსმინონ დემონსტრანტების ხმას და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს" – ეუთოს პრეს-ცენტრის თანახმად, ასეთია ჰოჯას განცხადება.

"მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქტიულ დიალოგში, რათა გადალახონ არსებული პოლარიზაცია, ერთად იმუშაონ სტაბილურ პოლიტიკურ ჩარჩოზე. ამავდროულად ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ გზავნილებს. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, რომელმაც არჩევნების გაყალბების ბრალდებებს ინკლუზიური პროცესით უპასუხა" – ეს პია კაუმას პოზიციაა.

"ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების და პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას საერთო სიკეთის მიმართ და უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების მიზნით, რომელიც გააძლიერებს საზოგადოების ნდობას" - ეს განცხადება გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას ეკუთვნის.

9 ნოემბერს ეუთოს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც PACE-ს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო/ოდირის საერთო ძალისხმევის შედეგია, — დაასკვნა, რომ არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იქნა მართული, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა კომისიის მიუკერძოებლებისა და დამოუკიებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ "განცხადების სულისკვეთებას სრულად იზიარებენ" და მოუწოდებენ ოპოზიციას "იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა."

ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაჟინებით მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და ითანამშრომლონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები, თუმცა არ არის ნათქვამი, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება პოლარიზაციის დასაძლევად და პროცესის მშვიდობიან ვითარებაში დასაბრუნებლად.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს, ისინი პარლამენტში მიღებულ მანდატებზე უარს აცხადებენ და ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. რამდენიმე დღეა აქციები იმართება ქვეყნის სხვადასხვა წერტილში. ხელისუფლებამ 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყება.

XS
SM
MD
LG