„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ (TI) ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს - ნათქვამია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს: "კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად“.
აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა - ნათქვამია განცხადებაში.