Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: თუ პარტია პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობს, მაშინ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, მაშინ სახელმწიფო დაფინანსებაც უნდა შეუჩერდეს.

ირაკლი კობახიძემ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება არ გამორიცხა:

„ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ანუ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება, ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათ გუშინ, 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

XS
SM
MD
LG