Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის თანახმად, ეუთო-ოდირის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას ხალხი ადგენს


ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრაქტიკულად ერთხმად აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიიღეს განმარტება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ხალხი წყვეტს და არა საერთაშორისო ორგანიზაციები:

„ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი“, - განაცხადა განაცხადა საარჩევნო სუბიექტის - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, „ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული, ვიდრე ოდესმე“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით კი, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

„მათ ჩვენთან დაადასტურეს, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობა შეუძლია ცნოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მან მედიასთან აღნიშნა, რომ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებს დარღვევების შესახებ დამატებითი ფაქტები წარუდგინა:

„ჩვენ წარვუდგინეთ კონკრეტული ფაქტები იმ კარუსელთან დაკავშირებით, რომელიც ტრიალებდა. მარტო ისნის რაიონში 650 ბიულეტენია 45 უბანზე გამქრალი. რაც ნიშნავს, რომ მასიურად იყო ფულით კარუსელის დატრიალება. მარტო ისნის რაიონში. ასევე ვაგრძელებთ და მთლიან ციფრს აუცილებლად დავთვლით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა მისგან მიიღეს ასევე ინფორმაცია ოქმებში არსებული დისბალანსისა და სხვა დარღვევების შესახებ.

„მათაც თქვეს, რომ დაელოდებიან ჩვენს საბოლოო რეპორტს და ამის შემდეგ კიდევ საბოლოო შეფასებებს გააკეთებენ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის, რომ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება, თავის მხრივ, მედიასთან აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.

ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის წინასწარი ანგარიში 1 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

„საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“, - ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არჩევნების მეორე ტურსა და საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.

XS
SM
MD
LG