Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: დარღვევებმა არჩევნების წინ მიღწეული წინსვლა გადაფარა


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, საარჩევნო დარღვევებმა - როგორიცაა ოქმებში სავარაუდო უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა - გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით.

NDI აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა:

  • ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა;
  • ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ;
  • მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები;
  • მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ;
  • მათი საარჩევნო მესიჯები ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე.

„საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა, ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი ახალ პარლამენტში“, - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი.

NDI აღნიშნავს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევის შესახებ. ინსტიტუტის შეფასებით, პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი.

„კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით ფეისბუკზე“.

NDI-ის მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს:

  • საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს;
  • გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები;
  • პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ;
  • მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
  • უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ.

XS
SM
MD
LG