Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსაც მოუწოდებს, არჩევნები არალეგიტიმურად ცნონ


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო არალეგიტიმური და პარლამენტში შესვლაზე უარი, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, „ქართული ოცნების“ წევრებმაც კი უნდა თქვან. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება არის დაუშვებელი. იქ არავინ არ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ, თუ შერჩენია თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების“ წევრებიც, მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ. მეორე ტურზე“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეგიტიმურობას არჩევნებისა, რომლის თანახმადაც უმრავლესობაში „ქართული ოცნება“ რჩება, ეჭვქვეშ აყენებენ „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „სტატეგია აღმაშენებელი“. არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მანდატებზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსი“. ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს განაგრძობენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. ოპოზიციური პარტიები 8 ნოემბერს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ასევე ნახეთ: რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

საერთაშორისო შეფასებები - იყო თუ არა არჩევნები "თავისუფალი და სამართლიანი"

საპარლამენტო არჩევნები 2020

XS
SM
MD
LG