Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: ამერიკას დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს


„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ელჩი კოორდინაციას გაუწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან:

„ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

XS
SM
MD
LG