საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ იმ დღეს მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ეს დავალება პირნათლად შეასრულა.
„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება თავდამსხმელის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი გრძელდება და ასევე წარმატებით დასრულდება.
გუშინ, 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკს" თავს ბადრი ესებუა დაესხა. მანვე აღნიშნა, რომ ესებუა იმალებოდა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.
ხელისუფლებამდე ადრე, 25 ოქტომბერს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო სწორედ ბადრი ესებუა.
კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.