2018 წელს ორმაგი აგენტის, სერგი სკრიპალის, მოწამვლამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის სამხედრო დაზვერვას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა ქიმიასა და ნანოტექნოლოგიებში სპეციალიზებულ მეცნიერებს. ამის შესახებ ნათქვამია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის, Bellingcat-ის, Der Spiegel-ის, და The Insider-ის, ერთობლივი გამოძიების შედეგად მოპოვებული ღია ინფორმაციებით, მათ შორის ბილინგების ნომრებით.
გამოძიებამ უჩვენა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის თუ სხვა მომწამვლელ ნივთიერებებზე მუშაობა რუსეთში არ შეწყვეტილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ის დღემდე გრძელდება საბჭოთა პერიოდში ამ საქმით დაკავებული სამხედრო პროფილის შესაბამისი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით.
როგორც ირკვევა, წამყვან როლს ამ საქმიანობაში თამაშობს მოსკოვში განლაგებული სამეცნიერო ცენტრი „სიგნალი“, ოფიციალურად საექსპერტო კონტროლით დაკავებული ინსტიტუტი.
საშიში შხამების შექმნის პროგრამის განხორციელებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე სანკტ-პეტერბურგში მდებარე სამხედრო მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი.
მისი ხელმძღვანელი, სერგეი ჩეპური, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე ხშირ კონტაქტში იყო „სიგნალის“ ხელმძღვანელებსა და მეცნიერებთან, ასევე სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრებთან.
თავის მხრივ, ინსტიტუტი, რომელსაც სათავეში უდგას ჩეპური, მჭიდროდ თანამშრომლობს სანკტ-პეტერბურგში მოქმედ კიროვის სახელობის სამხედრო აკადემიასთან. სწორედ ამ აკადემიის კურსდამთავრებულია სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის მთავარი მოქმედი პირი, სამხედრო ექიმი ალექსანდრ მიშკინი.
ირკვევა, რომ ჩეპურმა არაერთხელ დაურეკა როგორც მიშკინს, ისე მის უშუალო უფროსს, გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიონოვს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) № 29155 სამხედრო ნაწილის მეთაურს.
რუსმა მეცნიერებმა ნანოკაფსულის სახით შეძლეს შეექმნათ „ნოვიჩოკის“ ადამიანის ორგანიზმში შეღწევის ახალი სისტემა.
ამ კაფსულებით შესაძლებელი ხდება შხამის მოქმედების ვადის გახანგრძლივება და მისი შენიღბვა. ორივე ამ ფაქტორმა თავი იჩინა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში.
ახალი „ნოვიჩოკი“?
ალექსეი ნავალნიზე თავდასხმას თან ახლდა რამდენიმე უცნაური გარემოება:
- ნერვულ-პარალიზებადი შხამებისათვის ატიპიურია დიდი ინტერვალი მოწამვლასა და პირველ სიმპტომებს შორის. როგორც ბუნდესვერზე დაყრნობით იუწყებოდა გერმანული მედია, „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოჩნდა ნავალნის მომხრეების მიერ სასტუმროდან წამოღებულ ბოთლზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, როგორ მოხდა შხამი ბოთლზე, შეიძლება დავსკვნათ, რომ ნავალნი პირველად მომწამვლელ ნივთიერებას შეეხო გონების დაკარგვამდე არა უგვიანეს 3-4 საათისა.
- ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) თანახმად, ამჯერად გამოყენებული იყო „ნოვიჩოკის“ მსგავსი, თუმცა ქიმიური ფორმულით მისგან განსხვავებული, შხამის ახალი სახეობა.
ეს თავისებურება შესაძლოა აიხსნას იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში აქტიურად რომ ინერგება ფარმაკოლოგიაში. ესაა ნანოკაფსულირება, ანუ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მოთავსება მეორე ნივთიერების ნანოგარსში, რომელიც ორგანიზმში შეღწევის შემდეგ ნელ-ნელა იშლება და „გულსართს“ ქსოვილისგან მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ათავისუფლებს.
„ნანოტექნოლოგიის ახალი მიღწევა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საბრძოლო მომწავლელი შხამების ფიზიკური თავისებურების მოდიფიცირებისათვის. უფრო სწორად, ასეთი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მივაღწიოთ ისეთ შედეგს, როდესაც დეტექტორზე ძნელად ჩანს ასეთი საშიში, მდგრადი და რთული მომწამვლელი ნივთიერების ფორმა“, - მიიჩნევს დენ კაზიტა, ნერვულ-პარალიტიკური შხამების ბრიტანელი ექსპერტი.
ბიოქიმიკოსი მარკ-მიხაელ ბლუმი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ყოფილი თანამშრომელი, სკრიპალების მოწამვლის გამოძიებაში მონაწილეობდა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ინკაფსულირება მართლაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შხამის „შესანიღბად“ და მისი ზუსტი იდენტიფიცირების გასართულებლად, როგორც ეს მოხდა ალექსეი ნავალნის შემთხვევაში.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე გერმანიაში მიმდინარე გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კრემლის ოპონენტზე თავდასხმის დროს, დიდი ალბათობით, გამოიყენეს „შესანიღბავი აგენტი“, დამატებითი ნივთიერება, რომელსაც ექსპერტები მცდარ კვალზე უნდა დაეყენებინა.
„შიჰანოიდები“
რადიო თავისუფლებამ ინტერნეტში აღმოაჩინა ფართოდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, რუსი სამხედრო ქიმიკოსები 2000-იანი წლების ბოლოს მართლაც დაინტერესებულან ქიმიური ნივთიერების ნანოინკაფსულირებით და ამ თემაზე რამდენიმე სამეცნიერო კვლევასთან ერთად შესაბამისი პატენტიც მიუღიათ.
2007 წელს ნანოინკაფსულირების პატენტის ავტორებად მითითებული არიან: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელი არტურ ჟიროვი, ასევე მეცნიერ-მუშაკები იგორ კასატკინი, გიორგი ნაზაროვი, ნატალია ალექსანდროვსკაია და სერგეი გალანი.
2018 წლის ბუკლეტით, რომელიც რუსეთის ქიმიური ჯარების დაარსების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა, ვგებულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი არტურ ჟიროვი პოლკოვნიკის წოდებას ფლობს.
2010 წელს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე არტურ ჟიროვი შეცვალა პატენტის თანაავტორმა, იგორ კასატკინმა. ამასთან, სამეცნიერო ცენტრმა დაკარგა დამოუკიდებელი სტატუსი - იგი შეიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ინსტიტუტის შემადგენლობაში.
სამხედრო ნაწილის მსგავსად, საგანგებოდ დანომრილი სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ინსტიტუტი, თავის მხრივ, მდებარეობს სარატოვის ოლქის დაბა შიჰანში. იქვეა კიდევ ერთი გასაიდუმლოებული ინსტიტუტი -ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო-კვლევითი ინსტიტუტი, რუსული აბრევიატურით „ГосНИИОХТ“.
რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს თანახმად, 1970-იან წლებში სწორედ ГосНИИОХТ-ში მოხდა მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ სინთეზირება.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ ზემოხსენებული სამხედრო პროფილის 33-ე კვლევითი ცენტრი და ГосНИИОХТ-ი აშშ-მა შეიყვანა სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში, რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამასთან მათი საეჭვო კავშირების გამო, ოქტობრის ბოლოს კი ГосНИИОХТ-ი ევროკავშირმა შეიტანა შავ სიაში.
რაც შეეხება ზემოხსენებულ პოლკოვნიკ არტურ ჟიროვს, იმხანად რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, 2010 წელს რუსეთში შეიქმნა სრულიად ახალი ორგანიზაცია, სამეცნიერო ცენტრი „სიგნალი“, რომლის ხელმძღვანელადაც სწორედ ჟიროვი დაინიშნა.
არსებული პატენტებითა და სამეცნიერო ნაშრომებით ცხადი ხდება, რომ არტურ ჟიროვის კვალად, „სიგნალში“ გადასულან ზემოხსენებული თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებიც: გიორგი ნაზაროვი, სერგეი გალანი, ნატალია ალექსადროვსკაია და ვალერი გონჩაროვი.
როგორც ჯგუფ Bellingcat-ისთვის გახდა ცნობილი, პირად მიმოწერაში ადამიანები, რომლებსაც რუსეთში მომწამვლელი ნოვთიერების შექმნასთან აქვთ კავშირი, საკუთარ თავს დღემდე უწოდებენ „შიჰანოიდებს“, იმ ადგილის მიხედვით, სადაც პირველად მოხდა „ნოვიჩოკის“ სინთეზირება.
როგორ იგეგმებოდა სკრიპალის მოწამვლა
სერგეი ჩეპური 2015 წლიდან უდგას სათავეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მედიცინის კვლევით ინსტიტუტს (ГНИИИ ВМ). ჩეპურმა ჯგუფ Bellingcat-ის ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი ნომერი ყველაზე უფრო ხშირად ხვდებოდა სამხედრო ნაწილ # 29155-ის მეთაურის, გენერალ მაიორ ანდრეი ავერიანოვის, ბილინგის ნომრებზე.
როგორც რადიო თავისუფლებისა და „Bellingcat“-ის წინა ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, ავერიანოვი ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს, რომელსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებული თავდასხმის შემსრულებლად მიიჩნევს. მათ შორის არის უკვე ხსენებული ანატოლი ჩეპიგა - რუსეთის ვერსიით, „ტურისტი რუსლან ბაშიროვი“.
ჩეპიგა ერთ-ერთი საპატიო სტუმარიც ყოფილა ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში, რომელიც თავის დროზე რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „სენეჟის“ მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში გაიმართა.
სამხედრო ნაწილ # 29155-ის შესახებ, რომელსაც The New York Times-ი უწოდებს ევროპაში დივერსიულ ოპერაციებზე სპეციალიზებულ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) საიდუმლო ქვედანაყოფს, რადიო თავისუფლება პირველად 2018 წლის ივლისში წერდა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ Bellingcat-ის თანახმად, საიდუმლო ნაწილი # 29155 დგას ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის უკან.
მოგვიანებით ბულგარეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამ დანაშაულის უკან სწორედ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) დგას.
სერგეი ჩეპურის სატელეფონო ზარების ბილინგი უჩვენებს, რომ მან 2017-2019 წლებში მრავალჯერ დაურეკა ანდრეი ავერიანოვს და ასევე ГРУ-ს სხვა ოფიცრებს სამხედრო ნაწილ # 29155-იდან. ესაუბრა, მათ შორის, სამხედრო ექიმ ალექსანდრ მიშკინს, იმავე „ალექსანდრ პეტროვს“, კიდევ ერთ „სოლსბერელ მომწამვლელს“.
ასევე სხვადასხვა დროს ჩეპურს დანარეკი აქვს დენის სერგეევთან („ფედოტოვი“), რომელიც ასევე მონაწილეობდა სკრიპალების მოწამვლის ოპერაციაში.
2018 წლის 18 იანვარს, სოლსბერიში მომხდარ მოწამვლამდე ორი თვით ადრე, სერგეი ჩეპური, როგორც მისი ზარების ბილინგიდან ჩანს, სასწრაფოდ გამგზავრებულა მოსკოვში. იქ ჩეპურის ტელეფონი პრაქტიკულად მთელი მივლინების დროს რეგისტრირდებოდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბის ( ГРУ) არეალში. კერძოდ, იმ დღეს მან რამდენჯერმე დაურეკა ალექსანდრ მიშკინს, ასევე მოსკოვის ერთ-ერთი ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს.
სკრიპალების მოწამვლის საქმეში, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა 27 თებერვალი.
ამ დღეს ჩეპური კვლავ ჩაფრინდა მოსკოვში, სადაც დაყო სამი საათი რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბში. იქ და იმავე დღეს რეგისტრირდება ალექსანდრ მიშკინისა და ალექსანდრ კოვალჩუკის ტელეფონის ნომრები (როგორც ჩანს, სწორედ იმ მომენტში გადაწყდა, თუ რომელი უნდა გამგზავრებულიყო სოლსბერიში).
Bellingcat-ის ხელთ არსებული მონაცემებით ჩანს, რომ სერგეი ჩეპური არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით ასევე შიჰანში განლაგებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებს, მათ შორის იმხანად ინსტიტუტის დირექტორს, სერგეი კუხოტკინს.
არამხოლოდ „ნოვიჩოკი“
რუსეთისა და დასავლეთის საინფორაციო საშუალებებში ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და მასში შემავალი „სიგნალის“ შესახებ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ ნაგატინის ქუჩაზე შეკრებილი არიან მეცნიერები, რომლებსაც ევალებათ სრულიად საიდუმლო სამუშაოების ჩატარება და არამხოლოდ შხამების შექმნის სფეროში.
2019 წლის მაისში ამერიკულმა ჟურნალმა The Space Review-მ გამოაქვეყნა დიდი კვლევა, რომელშიც იყო ასეთი დასკვნა: ЦНИИХМ (ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) სხვა საქმეებთან ერთად დაკავებულია სამხედრო დანიშნულების საიდუმლო თანამგზავრ-ინსპექტორების შექმნით. სტატიის ავტორთა აზრით, ეს თანამგზავრები, სავარაუდოდ, გამოიყენება პოტენციური მოწინააღმდეგის თანამგზავრების გასანადგურებლად.
გამოცემა The Space Review-ს თანხმად, ამ სამუშაოს დიდი ნაწილი, გასაიდუმლოებული ЦНИИХМ-ის ქვედანაყოფის გარდა, ტარდება ასევე ნანოტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „სიგნალში“. მაგრამ ამ ღრმად გასაიდუმლოებული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ღია წყაროებში ცნობები არ არსებობს. შესაბამისად, რუსულ თანამგზავრებზე სტატიის ავტორი და ასევე რადიო თავისუფლება ძირითადად დაკმაყოფილდა პატენტებისა და სახელმწიფო შეკვეთების შესწავლით.
2020 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ კოსმოსური იარაღის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. იმავე წლის ივლისში ამერიკელმა სამხედროებმაც დაადასტურეს, რომ მოეპოვებათ მტკიცებულება „თანამგზავრ-ინსპექტორების“ სარჩულის ქვეშ რუსეთის მიერ თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის გამოცდის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ - მათ შორის „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა - არაერთგზის უარყო ბრალდება ასეთ შეიარაღებაზე მუშაობის შესახებ.
2018 წელს ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ЦНИИХМ) კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული.
ამერიკულმა კომპანია FireEye-მ გაავრცელა ცნობა მავნებელ ვირუს Triton-ზე (მეორე სახელია Trisis), რომლის საშუალებითაც ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა მსოფლიოში არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
გაზეთ The New York Times-ის თანახმად, ერთ-ერთმა ასეთმა თავდასხმამ გამოიწვია საუდის არაბეთის ნავთობ-ქიმიური საწარმოს გაჩერება.
ვირუსის პროგრამული კოდის კვალმა FireEye-ს ექსპერტები მიიყვანა ჰაკერულ ჯგუფ TEMP.Veles-თან, რომელიც, სხვათა შორის, ზემოხსნებული რუსული კვლევითი ცენტრის (ЦНИИХМ) IP-მისამართს იყენებდა.
ამასთან, FireEye-მ არ გამორიცხა, რომ ჰაკერული თავდასხმა უშუალოდ ЦНИИХМ-ის ხელმძღვანელობის მიერ ყოფილიყო სანქცირებული. მაგრამ, ისევე როგორც კოსმოსური იარაღის შესახებ, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობა.
რუსეთის რეაქცია: დუმილი და უარყოფა
რადიო თავისუფლებამ, Bellingcat-მა, The Insider-მა და Der Spiegel-მა სამეცნიერო ცენტრ „სიგნალს“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრს და ამ სტატიაში ჩამოთვლილ სხვა გასაიდუმლოებული ცენტრების ხელმძღვანელებსა და თანშრომლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს შეკითხვები: ჰქონიათ თუ არა მათ კავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვასა და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და მონაწილეობდნენ თუ არა „ნოვიჩოკისა“ და სხვა საბრძოლო შხამების შემუშავებაში.
არც ერთ ამ შეკითხვაზე რესპონდენტებს პასუხი არ გაუციათ.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) მეთვალყურეობის ქვეშ საბჭოთა პერიოდის ქიმიური იარაღის მარაგების განადგურების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს გააკეთა ოფიციალური განცხადება.
2020 წლის 15 სექტემბერს, უკვე ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში განადგურებულია მომწამვლელი ნივთიერებების ყველა მარაგი და „დეზინფორმაცია“ უწოდა რუსეთის მიერ ამ ნივთიერებების წარმოებისა და შენახვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.