პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ახალი სლოგანი გააცნო.
„ინფექციის გავრცელება COVID-თან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი ვართ დაავადებული. როცა ვართ ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ: დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!“ - თქვა ლევან რატიანმა.
როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, იმ ადამიანებისთვის, ვინც ინფიცირებულია და თუნდაც მცირე სიმპტომები აქვთ გამოხატული, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი. „ამის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“, - თქვა რატიანმა.
19 ოქტომბერს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 186 პირს დაუდასტურდა. შვიდი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში, დაახლოებით, 70-მდე მძიმე პაციენტია.
საქართველოში სულ კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 8338, გარდაიცვალა 143 ადამიანი.