ბათუმში, კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ინფიცირებული იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კოვიდ-სასტუმროში იქნა გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და პაციენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლია (სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი) გახდა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 366 თბილისშია დადასტურებული, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.
სულ საქართველოში თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 14 440 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 7367, გარდაცვლილია -113.