საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მონაცემებით, დღეს, საქართველოში, COVID-19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 1.33-ია. ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი. ზაფხულში, მაგალითად, ივნისში, ეს რიცხვი 0.58 იყო. ანუ ერთ ინფიცირებულს ერთზე ნაკლები ადამიანის დაინფიცირება შეეძლო.
ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი, საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი იცვლება სახელმწიფოების მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა და ინტერვენციის პირობებში.
ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ თუკი ერთი ინფიცირებული ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, თუკი ნიშნული ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.
სწორედ ვირუსის რეპროდუქციულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული, თუ რა ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს მიმართავენ სახელმწიფოები ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით. იქნება ეს მხოლოდ რეკომენდაციები, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება თუ სრულმასშტაბიანი ლოკდაუნების გამოცხადება.
ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აგვისტოს მიწურულისთვის, კორონავირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1.0011–2.7936-ს შორის მერყეობდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი 2-2.5-ია. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციითვე, კორონავირუსი სხვა სეზონური ვირუსების, მათ შორის, „ინფლუენზასგან“ განსხვავებით, შედარებით მაღალი რეპროდუქციული მაჩვენებლით ხასიათდება.
ეპიდემიოლოგთა გამოთვლით, ვირუსის რეპროდუქციულმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, მიაღწიოს 3-საც, თუკი ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული.
მაგალითისათვის გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპროდუქციული მაჩვენებლით ხასიათდება წითელა. ამ ინფექციით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 15 ადამიანი, თუკი მათ წითელას ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული.
როგორია COVID-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებში?
- ოქტომბრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1.1 – 1.4-მდე მერყეობს;
- ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი გერმანიაში 1.16-ია;
- საფრანგეთში, სადაც 9 დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, კომენდანტის საათი გამოცხადდა, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელია 1.07.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს მონაცემი სხვადასხვა შტატის მიხედვით, 0.84-დან 1.35-მდე მერყეობს.
რა ინდიკატორებთან ერთად უნდა განვიხილოთ R მაჩვენებელი?
ექიმი გიორგი გოცაძე, ჯანდაცვის სისტემების სფეროს პრაქტიკოსი და საერთაშორისო სპეციალისტი, ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი აუცილებელია განიხილებოდეს სხვა ელემენტებსა და ფაქტორებთან ერთად და არა ცალკე, დამოუკიდებლად აღებული მონაცემი:
„ის, რომ დღეს, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1.33-ია, მთლიანად, საქართველოსთვის, შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ თუკი ამ ტიპის მაჩვენებელი გვექნება კონკრეტულ რეგიონებში, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ რიცხვის უფრო მეტ ღირებულებაზე და როგორც, მაგალითად, საფრანგეთმა გაატარა გარკვეული ღონისძიებები კონკრეტულ ქალაქებში, ისე ვიმოქმედოთ ჩვენც. ამიტომ, დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ რეპროდუქციული მაჩვენებელია 1.33, ეს პირადად ჩემთვის, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი მონაცემია, თუკი ამას არ ექნება რეგიონული ჭრილი. ჩვენ არ ვიცით, როგორია ეს მონაცემი ცალკეულ რეგიონებში. ამას სახელმწიფო არ აქვეყნებს. გარდა ამისა, ეს რიცხვი აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვა კომპონენტებთან და ინდიკატორებთან ერთად. მაგალითად, თუკი საქართველოში კოვიდპაციენტებისათვის გამზადებული გვაქვს 10 000 საწოლი, მაშინ ეს მაჩვენებელი 8-მდეც რომ ავიდეს, შესაძლოა, პრობლემა არ შეიქმნას. როდესაც ვირუსის რეპროდუქციულ მაჩვენებელზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ისიც, რამდენი ექიმი გვყავს მზად, როგორია მკურნალობის სტრატეგია, საწოლფონდი, რამდენი ადამიანი მკურნალობს კლინიკებში, რამდენია მძიმე პაციენტი და ა.შ.“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა მოსახლეობის ქცევაზე გადის. მისი თქმით, თუკი ის ეპიდემიის დასაწყისში წინააღმდეგი იყო მკაცრი შეზღუდვებისა და, მათ შორის, მაგალითად, ჯარიმების დაწესებისა, დღეს ეს მიდგომა ნაწილობრივ შეცვლილია, რადგან ვირუსი აღმავალ ეტაპზეა და გარკვეული წესებისა თუ რეკომენდაციების დაცვის გარეშე, ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა, სახიფათო სახე შეიძინოს:
„ჩვენ ახლა შევედით აღმავალი ინფექციის ფაზაში. ფაქტია, რომ ძალიან სწრაფი აღმავლობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ასეც გაგრძელდება. კატეგორიული და მძიმე შეზღუდვების მომხრეთა რიგებში არ ვარ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები საჭიროა და ის შეზღუდვები, რაც დღეის მდგომარეობითაა დაწესებული, ის მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ეს შეზღუდვები სწორად და თანაბრად რომ დაგვეცვა, შესაძლოა, ჩვენ ამ რიცხვებზე არ ავსულიყავით. ამიტომ, ერთია რეგულაციის შემოღება და მეორეა, მისი აღსრულება. პირბადეებთან დაკავშირებით, სულ ვამბობდი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ჯარიმებისა და მკაცრი წესების, მაგრამ შეხედულებები გვეცვლება და ახლა, პირიქით, მიმაჩნია, რომ ნამდვილად უნდა მოქმედებდეს მკაცრი სააღსრულებლო მექანიზმები, რადგან დღეს პირბადე ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ფაქტობრივად, ის დღეს თავდაცვის ერთადერთი რეალური საშუალებაა. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებლის შეცვლა, გადადების ჯაჭვის გაწყვეტა, ისევ და ისევ მოქალაქეების შეგნებაზეა დამოკიდებული“.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სექტემბრიდან მოყოლებული, ვირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათობით და შემდეგ უკვე ასობით იზრდებოდა. 15 ოქტომბერს კი დაფიქსირდა ნახტომისებური მატება და ინფიცირებულთა რიცხვი წინა, 14 ოქტომბერთან შედარებით (680 შემთხვევა), 239-ით გაიზარდა.
ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, 15 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გარკვეული შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება. კერძოდ, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, რესტორნები და გასართობი დაწესებულებების მუშაობა 22 საათამდე იქნება ნებადართული. თუმცა, ამასთანავე, აჭარაში მოიხსნა შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თაობაზე. 19 ოქტომბრიდან, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, გაიხსნება.