Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საწოლფონდზე მეტად გასათვალისწინებელია ექიმების რაოდენობა


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის გათვლით, მხოლოდ საავადმყოფოებში მინიმუმ 10 ათასი საწოლია, სადაც კოვიდინფიცირებულთა განთავსებაა შესაძლებელი, მაგრამ საწოლფონდთან ერთად გასათვალისწინებულია ადამიანური რესურსი. ეს განცხადება, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი , რომელთა რაოდენობაც, არა ხარისხობრივ ჭრილში, არამედ მათი ლიცენზიების კუთხითაც არის შეზღუდული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესაჭიროება არა მხოლოდ საწოლფონდი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა, სწორედ ამის გამო ვცდილოთ ჩვენ მოვახდინოთ ვირუსის შეკავება და გადავადება დროის ჭრილში, რადგან მოლოდინი, რომ დაინფიცირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა იქნება დიდი, ჩვენ ეს გვაქვს მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთდრულად საავადმყოფოებში და სასტუმროებში ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი ეს პასუხი, შეეხებოდა შეკითხვას, რომელიც პაცინტების მხრიდან გამოხატულ ჩივილს უკავშირდებოდა, დაგვიანებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პაციენტებს ლოდინი უწვეთ, იმისთვის, რომ შესაბამისი მომსახურება გაეწიოთ, მისი სიტყვებით დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება და მას რომელიმე საავადმყოფო ან სასტუმრო ვერ მიიღებს.

„ეს გაგრძელდება, ასე იყო შარშანაც, როცა ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი გრიპი, რომლის შიშიც მოსახლოებას ისე არ ჰქონდა, როგორც აქვს კოვიდის შემთხვევაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სექტემბერში მიღებული ალგორითმის თანახმად, კოვიდინფიცირებულებისთვის განკუთვნილ საკარანტინე სივრცეში, 20 პაციენტზე ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი მუშაობს. პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

საქართველოში 487 ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ჯამში კი 22 223 მოქმედი ექიმია.

  • დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იყოფება - 5721 ადამიანი
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
  • კოვიდ სასტუმროში კი - 1090 ადამიანია

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 366 თბილისშია დადასტურებული, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.

სულ საქართველოში თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 14 440 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 7367, გარდაცვლილია -113.

XS
SM
MD
LG