Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ედისონ რისერჩი" - საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში


კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად გაუზიარა „ედისონ რისერჩის“ ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას, როგორც ქვეყნის დაცულობის ერთ-ერთ გზას, თავიანთ სტატიებში არაერთი ქართველი მკვლევარი განიხილავს:

„ძალიან დამაინტერესა მოსახლეობის აზრმა ამ საკითხთან მიმართებით და მინდა გაგიზიაროთ. კითხვა დავსვით ასე: მომხრე ხართ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა? მე-5 კვლევის შედეგმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% არის მომხრე, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზა. 36% უარყოფითად უყურებს ამ საკითხს და იმასაც ვიტყოდი, რომ გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის პროცენტი, რომელიც მომხრეა, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის ბაზა".

ნინო ჯაფარიძის თანახმად, მსგავს შეკითხვას ერთი წლის წინანდელ გამოკითხვაში დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 51%-მა. ის არ გამორიცხავს, რომ მხარდამჭერთა ზრდა გაპირობებული იყოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაპირისპირების გამწვავებითა და ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობით. გასათვალისწინებელია, რომ „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის მე-5 ტალღა 25 სექტემბერი - 7 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა:

„შესაძლებელია, ამ კონტექსტშიც საქართველოს მოსახლეობა არ გრძნობს თავს დაცულად“.

უახლოეს ხანში რადიო თავისუფლება შემოგთავაზებთ ნინო ჯაფარიძესთან ვრცელი ინტერვიუს ჩანაწერს.

XS
SM
MD
LG