Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ჩემი სუბიექტური აზრით, სახელმწიფო ღალატის 307-ე მუხლის გაუქმება გარეჯის კომისიის მუშაობას უკავშირდებოდა


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე, ღალატის შესახებ მუხლის გაუქმება გარეჯის კომისიის მუშაობას უკავშირდებოდა. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისთვის დამაჯერებელი არ არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უბრალო დამთხვევაა, რომ სწორედ მაშინ გაუქმდა ეს მუხლი, როდესაც ექსპერტულ დონეზე საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. "ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს იყო შემთხვევითობა და დამთხვევა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ:

„ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან დაახლოებით 1 თვეში და დავარქვათ თუნდაც დამთხვევა, თუ ვინმე ამას დაიჯერებს, რომ დამთხვევაა, საქართველოს პარლამენტმა, 2007 წლის მარტზე თუ აპრილზეა საუბარი, გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო მაშინ, როდესაც 2006 წელს პირველი ტალღა სისხლის სამართლის რეფორმის მორჩა და 2007-ში მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფოს ღალატი ერქვა, შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე, საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, სადაც არ გამორიცხა, რომ 307-ე ღალატის მუხლის გაუქმება გამოწვეული იყო იმით, რათა ვიღაცისთვის სამომავლო რისკის ტვირთი მოეშორებინათ.

რატომ გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსში 307, ღალატის მუხლი? ამ კითხვით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტს, ვანო ჩიტაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებამდე სისხლის სამართლის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა ღალატის ცნებას, თუმცა ცალკე დანაშაული არ იყო.

„სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 308-319-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული (მაგ. ჯაშუშობა, საბოტაჟი, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა), რომელსაც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი ჩაიდენდა. დღევანდელი რედაქციით კი, 308-319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი, საქართველოს მოქალაქის გარდა, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირიც შეიძლება იყოს“, - განგვიმარტა ვანო ჩიტაშვილმა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან. ბრალდება ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა.

XS
SM
MD
LG