დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უკმაყოფილოა საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის დროს „დინამო არენის“ გარეთ გულშემატკივართა შეკრებით.
„როცა ადამიანები აკრიტიკებენ სხვა ადამიანებს სადღაც შეკრების გამო და მერე თვითონ იკრიბებიან... სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა... ბებია-ბაბუები ხო ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ იყვნენ“, - თქვა პაატა იმნაძემ.
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში თქვა: „ყველას ძალიან გაგვიხარდა, ხო?! მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. ჩვენ პირველად გვეძლევა შანსი, რომ გავიდეთ ევროპის პირველობაზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ნაკრები. მესმის ეს ემოციები, რაც იყო, მადლობა ასევე გულშემატკივარს, რომელიც დაჰყვა და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა ეს რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე. ძალიან მომეტებული რისკი იყო, იგივე იმ რეკომენდაციებით, რომელიც არსებობს, რომ თუნდაც ერთი მესამედი დასწრებოდა თამაშს, დაახლოებით 17-18 ათასი ადამიანის ერთად თავშეყრა, მით უმეტეს, ინფიცირების ამ მაჩვენებლის ფონზე, ინფექციის გავრცელების“.
რაც შეეხება გულშემატკივართა სტადიონის გარეთ შეკრებას, გამყრელიძე ამბობს, „რა თქმა უნდა, იქ [გარეთ შეკრების დროს] დაირღვა ეს რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. სასურველი იყო, არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს ჩვენებმა. დავაკვირდეთ ახლა. ვთხოვ ადამიანებს, ვინც იქ იყვნენ, აწარმოონ თვითმონიტორინგი. თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები - ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრს, ან დარეკონ 112-ზე“.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა „დინამო არენაზე“ ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და მოუგო ანგარიშით 1:0. გოლი მეშვიდე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა პენალტით.
მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები.