პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, კარტოგრაფების საქმე პირწმინდად წინასაარჩევნო თემაა, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაგო ხვიჩიას აზრით, მის გამოსაძიებლად დიდი დრო არსებობდა:
„ანუ დიდი ხანია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და არა მხოლოდ წარსულში არსებობდა დიდი დრო, არამედ მომავალშიც დიდი დრო არსებობდა, ვისაც ეს თემა აინტერესებდა, წინასაარჩევნოდ რომ არ დაგვეწყო 10 დღით წინ ამაზე საუბარი... ეს საქმე თუ მართლა გვაინტერესებს გამოსაძიებლად, ამისთვის ხომ არჩევნების მერე შეგვეძლო საუბარი და რა საჭიროა ადამიანების დაკავება-დაჭერა? ვინმე სადმე გარბოდა?“, - კითხულობს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იაგო ხვიჩია, რომლის აზრითაც ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ მოწყობილი „კონცერტი“, რომლის მიზანი, ერთის მხრივ, არჩევნებზე მისასვლელად გარკვეული ტიპის ძალების მობილიზაციაა, მეორეს მხრივ კი კონკრეტულად ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვება:
„მასეთ თემებზე, როგორიც არის დავით გარეჯის მონასტერი, საზღვრის გავლება ჩვენ ვიცით რომ, როგორც წესი, ხელისუფლება და ეკლესია არიან ერთიანები და ასეთი საუბრები არის სინქრონიზებული ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტად ცდილობს ხელისუფლება გაიმყაროს ეკლესიის მხარდაჭერა ასეთი ეგრეთ წოდებული ტრიუკებით“, - განაცხადა იაგო ხვიჩამ დილის საუბრებში, სადაც „კარტოგრაფების საქმეზე“ დასმული კითხვის პასუხად ასევე აღნიშნა, რომ ამ თემის შემოტანა არ იყო კორექტული საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვისაც, სადაც ამ დროისათვის განსაკუთრებულად სენსიტიური გარემოა.
„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ 8 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად ასევე 8 ოქტომბერს წაუყენა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.