Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილის საქმის პროკურორი ვერ ასახელებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივს 


პროკურორი მიხეილ სადრაძე
პროკურორი მიხეილ სადრაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძე ვერ დაასახელა ბრალდებულების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი.

პროკურორის თქმით, ოფიციალურად წარედგინა ბრალდება ორ პირს. სასამართლოზე ბრალდების მხარე წარადგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

რაც შეეხება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულება არის მოპოვებული, მათ შორის, ბუნებრივია, საქმესთან კავშირში მყოფი მოწმეთა ჩვენებები, რუკები, კარტოგრაფიული მასალა, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. მისი მტკიცდებით, ყველა ეს მტკიცებულება ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია.

პროკურორს არ აქვს პასუხი ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა არის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი?

„რაც შეეხება ბრალდებულების დამოკიდებულებას მათივე ქმედებებისადმი: ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მათ ეს ჩაიდინეს განზრახ, შეგნებულად და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის სისხლის სამართლის საქმეში“, - პასუხობს სადრაძე.

განმეორებით შეკითხვაზე, რა იყო მოტივი? რა ინტერესი ჰქონდათ? პროკურორი ასე პასუხობს: „რაც შეეხება სხვა გარემოებებს, როგორც მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, ბუნებრივია, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება გადამოწმება, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნას, და მხოლოდ ამის შემდგომ საზოგადოებას მოვახსენებთ უფრო მეტ დეტალებს“.

მედიის წარმომადგენლებმა პროკურორს კიდევ ერთი შემხვედრი შეკითხვით მიმართეს: მათ შორის მოტივს?

​„სხვა დანარჩენზე მოგახსენებთ, როდესაც დასრულდება გამოძიება“, - დაამატა პროკურორმა.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩევას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG