Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ელჩმა გიგიაძემ უხეშად დაარღვია დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ეხმაურება დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის დაკავებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტის დარღვევაზე მიუთითებს.

„როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან გადამოწმებული უნდა იყოს ფაქტები და მეორე - კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა და აქედან გამომდინარე უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები“, - თქვა ირაკლი კობახიძემ გიგიაძის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო გიგი გიგიაძის კომენტარი. როგორც მინისტრი ამბობს, გიგიაძეს სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. ზალკალიანის თქმით, განცხადების გაკეთებამდე უმჯობესი იყო ელჩს საკითხი სამინისტროსთან გაერკვია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ივერი მელაშვილის დაკავებას 7 ოქტომბერს „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე. ის 2014-2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - დაწერა დიპლომატმა.

სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."

ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა

XS
SM
MD
LG