საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორთან ელაპარაკა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მელაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მისი პოზიციით ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულიყო და ზოგადად, ამ საქმის წამოწევა. თვითონ,მ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის, უბრალოდ, ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს. ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია, ვინაიდან მას არცერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება, ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთადერთი ზიანი, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს მიაყენოს, არის საქმე, რომელიც პროკურატურამ წამოიწყო, ბატონი ივერის სიტყვებს გავიმეორებ - მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს", - მარიკაშვილის კომენტარს „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.
რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."
ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?
ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია
პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა