რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელყუმბარა РГ-42.
“მოქალაქე ბებუა მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, მას ადმინისტარციული წესით შეფარდებული აქვს 30- დღიანი პატიმრობა”,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
საქმე აღძრულია დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. მათ შორის 334-ე მუხლით, რაც სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 1 წლამდე ვადით პატიმრობით.
სს კოდექსის 164 მუხლით, რაც ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით.
სს კოდექსის 217 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იარაღის და მისი შემადგენელი ნაწილების ასევე საბრძოლო მასალის, უკანონო შეძება, შენახვა, გადაცემას გულისხმობს რა ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ჯარიმასთან ერთად, ან მის გარეშე.
30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ირაკლი ბებუას ნათესავები საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია, ვინაიდან დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის დროშის დაწვა შესაძლოა აღქმული იყოს პოლიტიკურ აქტად.