სალომე ასათიანის პოდკასტი
„დედები არსებული წესრიგის უპირველესი დამრღვევები არიან. ისინი არასოდეს არიან ისეთები, როგორადაც ჩანან, ან როგორადაც ყოფნა მოეთხოვებათ. ... უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვერც ერთი ქალი, რომელიც ოდესმე ყოფილა დედა, ერთი წამითაც ვერ დაიჯერებს იმას, რომ ის ყოველთვის და ყველა ვითარებაში კარგი და კეთილშობილი იყო. ...არასოდეს შემხვედრია დედა (საკუთარი თავის ჩათვლით) რომელიც არ იყო ‘დედის’ სტერეოტიპულად მოაზრებულ სახეზე გაცილებით უფრო კომპლექსური, კრიტიკული, აცდენილი იმ კლიშეებს, რომელთა განსხეულებაც ძალდაუტანებლად მოეთხოვებოდა“.
ეს სიტყვები ეკუთვნის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ კრიტიკოსს, ბრიტანელ პროფესორ ჯაკლინ როუზს, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი კვლევებით კავშირებზე ფსიქოანალიზს, ფემინიზმს და ლიტერატურას შორის. „მას ბადალი არ ჰყავს თავისი თაობის კრიტიკოსებში. ლიტერატურაზე მისი შეხედულებების ბრწყინვალება, მისი მკაფიო პროზა და ნიუანსირებული ანალიზი უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია“ - ასე წერდა ჯაკლინ როუზზე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო ინტელექტუალი, საეტაპო მნიშვნელობის წიგნის, „ორიენტალიზმის“ ავტორი, პალესტინური წარმომავლობის ამერიკელი თეორეტიკოსი ედვარდ საიდი.
ჯაკლინ როუზი „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია, და მას ვესაუბრებით მისი შედარებით ახალი, 2018 წელს დაბეჭდილი წიგნის შესახებ, რომელსაც „დედები: ესე სიყვარულსა და სისასტიკეზე“ ჰქვია. წიგნზე, რომელშიც ავტორი გვთავაზობს მასშტაბურ, მომნუსხველ, ვნებიან აღწერას იმ აღტაცების და თან ძრწოლანარევი დისტანციისა, დედები რომელსაც აღძრავენ, უკომპრომისო ანალიზს იმ კომპლექსური და განსხვავებული ემოციებით გაჟღენთილი რეალობისა, რასაც დედად ყოფნა ჰქვია.
„სამყარო სასტიკია, ჩვენი გულები კი სუსტი. ამ სამყაროში ჩნდება ბავშვი და დედის მოვალეობაა მსოფლიოს წინაშე უმანკოების იმიჯით წარდგეს. დედა ისე იზამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დედის გარშემო ჩნდება მოლოდინი, რომ თუ ის ყველაფერს სწორად გააკეთებს, ბავშვის ცხოვრებაში სხვა ყველაფერიც სწორად წავა. თითქოს სამყაროს არ ახასიათებდეს აბსოლუტური განუსაზღვრელობა, დაუცველობა, სიმყიფე“ - გვეუბნება ჯაკლინ როუზი და განაგრძობს: „მაგრამ თუკი მსოფლიოში არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ეს მოლოდინი ერთი დიდი ტყუილი და სისულელეა - ეს თავად დედაა. როცა დედა ხდები, ხუთი წუთი გყოფნის საიმისოდ, რომ ამას მიხვდე. აფექტების ის სპექტრი, რომელსაც შენში დედად ყოფნა აღძრავს - მათ შორის იმ ძალაუფლების გამო, რომელიც ამ პატარა უმწეო არსებასთან მიმართებით გაქვს - ძალიან ძლიერია. ქალებს არ შეუძლიათ გამოასწორონ ადამიანთა გულების სისუსტე და სამყაროს უსამართლობა, და, რაც მთავარია, თავად ქალებმა ეს კარგად იციან. ამის გაკეთება არავის ძალუძს. ამგვარი მოლოდინი არავის არ უნდა ეკისრებოდეს.“
ასათიანის კუთხე
ჯაკლინ როუზს ვესაუბრებით იმაზე, თუ როგორ იგონებს კულტურა მუდმივად „კარგი დედის“ იდეალს, როგორ იცვლება, ან არ იცვლება ეს იდეალი სხვადასხვა დროში და სივრცეში და, რაც მთავარია - როგორ უშლის ეს იდეალები ხელს რეალურ დედებს არა მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ თუნდაც იფიქრონ, აღიქვან და თავადვე გაიაზრონ თავიანთი ცხოვრების ეს ალბათ ყველაზე ძლიერი, ემოციური, კომპლექსური და ზოგჯერ ძალიან დამაბნეველი გამოცდილება. ვესაუბრებით „გმირი“ და „მგლოვიარე დედის“ სახეებზეც ლიტერატურის ისტორიაში - სახეებზე, რომლებსაც ინტენსიურად იყენებს ნაციონალისტური და მილიტარისტული იდეოლოგიები, თუმცა ეს დაფასებული და კეთილშობილად მიჩნეული სახე ტაბუს დამამსხვრეველი ხდება მაშინვე, როცა ის თავისი შვილის სიკვდილის შესახებ კითხვების დასმას იწყებს, ან - კიდევ უარესი - ნაციონალიზმის პათოსის, ან ომის აბსურდულობაზე ალაპარაკდება.
ჯაკლინ როუზი გვიყვება დედების ემოციური და სხეულებრივი გამოცდილებების, მათ შორის მშობიარობისშემდგომი დეპრესიის მხოლოდ ვიწრო სამედიცინო პერსპექტივაში გააზრების პრობლემაზე, ჩაგვრაზე, რომელსაც მუდმივად და სიჩუმეში განიცდიან მიგრანტი და ღარიბი დედები. ვიხსენებთ ჯორჯ ფლოიდს - თეთრკანიანი პოლიციელების ხელში დაღუპულ ამერიკელ შავკანიან კაცს, რომლის სიკვდილმაც აშშ-ში მასობრივი პროტესტი გამოიწვია და რომელსაც სიცოცხლის ბოლო წამებში, როცა პოლიციელი კვლავ კისერზე მუხლს აჭერდა, საკრალური ძახილივით აღმოხდა სიტყვა „დედა“. ვსაუბრობთ დედის და შვილის ურთიერთმიმართების გააზრებაზე ფსიქოანალიზის ტრადიციაში და, რაც მთავარია, განვიხილავთ ბევრ სხვადასხვა ტექსტს, რომელთა მეშვეობითაც ქალები ცდილობენ „დედობის“ დატკბილული, სტერილური, იდეალიზებული და სენტიმენტალური სახეების მიღმა გავიდნენ და საკუთარ ემოციურ და სხეულებრივ, რთულ და ინტენსიურ გამოცდილებებზე ილაპარაკონ.