„გირჩის“ სარჩელი, რომელიც პარტიული სიის შედგენის დროს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სადავო ნორმას წარმოადგენდა „საარჩევნო კოდექსის“ ეს ჩანაწერი: „პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი“. საქმე ისაა, რომ საარჩევნო კოდექსის ამ ნორმას აქვს ორი განმარტება. პარტიები ვალდებულები არიან, რომ სიის ოთხეულში ჩაეწერონ ქალი, ან თუკი ქალები იქნებიან უმრავლესობაში, ოთხეულში კაცის ჩაწერის ვალდებულება აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება აღნიშნული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს მინიმუმ ერთი კაცი, არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რეგულირება, რომელიც ახდენს კვოტირებას მამაკაცების სასარგებლოდ და სანაცვლოდ, პოტენციურად ამცირებს ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში.