Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კოვიდპაციენტებისათვის 102 საწოლია თავისუფალი


23 სექტემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში კოვიდპაციენტების მისაღებად, 102 საწოლიღაა თავისუფალი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, 9 კლინიკაში, ჯამში, 584 საწოლია მობილიზებული, მათგან 482 უკვე დაკავებულია.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას ინფორმაციით, აჭარაში უკვე ამოქმედდა ბინაზე მკურნალობის საპილოტო რეჟიმი:

„შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აჭარაში უკვე ავამოქმედეთ ორი განსხვავებული მექანიზმი - ერთი, მსუბუქი პაციენტების კოვიდსასტუმროებში გადაყვანა და მეორე, ასევე მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობა. ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ 112 ინფორმაციას კოვიდინფიცირებულთა შესახებ ატყობინებს ონლაინ კლინიკების ექიმებს. ონლაინ კლინიკის ექიმები უკავშირდებიან პაციენტებს და ხდება საწყისი ტრიაჟი, პაციენტის ანამნეზის შესწავლა, მდგომარეობის დადგენა. პირველადი გამოკითხვის საფუძველზე, ოჯახის ექიმი ფილტრავს, ვინ საჭიროებს დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანას და ვინ შეიძლება დარჩეს ბინაზე სამკურნალოდ. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ პაციენტს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, მაშინ ეს პაციენტი გადავა კოვიდსასტუმროში. ახლა, აჭარაში, ნამდვილად ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან ყოველდღიური შემთხვევები აჭარაში იმატებს. მობილიზების თვალსაზრისითაც, აჭარას მოუწია, რომ სწრაფად ადაპტირებულიყო, როგორც კლინიკების, ისე პერსონალის მიმართულებით. დღესაც რამდენიმე თანამშრომელი გავაგზავნეთ, რომ თუკი რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება, დროულად გამოსწორდეს. ძირითადი, რაზეც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, ეს არის მკურნალობის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოების უმეტესობას გავლილი აქვს დაავადების კლინიკური მართვის ტრენინგები, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ადგილზე კონსულტანტების მიხმარება ძალიან მნიშვნელოვანია. თავგადაკლული მუშაობს მთელი სამედიცინო სექტორი, როგორც აჭარაში, ისე სხვაგან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პაციენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული სიტუაციაა. ერთეული ხარვეზები, ცხადია, იქნება. პირდაპირი ჩართვებიც იყო კლინიკებიდან, იწერება სტატუსებიც, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დროულად გამოსწორდეს“.

23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 165 - აჭარაში.

23 სექტემბრის მონაცემებითვე, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის 35 კლინიკაში, სულ 2522 საწოლია მობილიზებული, მათგან 1342 საწოლი უკვე დაკავებულია.

XS
SM
MD
LG