Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ენგური გადმოცურა ზუგდიდში მოსახვედრად


ზუგდიდში, აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მდინარე ენგური გადმოცურა.

რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა უთხრა, რომ მამაკაცმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან დღეს მეუღლესთან ერთად გადმოლახა მდინარე ენგური. საოკუპაციო ხაზთან მათ შვილი ელოდებოდათ, რომლის ავტომობილშიც გარდაიცვალა მამაკაცი.

როგორც რადიო თავისუფლებას ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ორსანტიაში მერის წარმომადგენელმა ელგუჯა ბოკუჩავამ განუცხადა, მამაკაცი ცოლ-შვილთან ერთად ორსანტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზაში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მერის წარმომადგენლის ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ოკუპირებული ოტობაიას მკვიდრია. დევნილობის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. მშობლიურ სოფელში მამის წლისთავთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთად 1 თვის წინ ჩავიდა. დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო უკან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლა შემოვლითი გზით, მდინარის გადაცურვით მოუხდათ.

მას შემდეგ, რაც პანდემიის მიზეზით აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ხიდი დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტს ჩაკეტა, მოქალაქეები დანარჩენ საქართველოში მოხვედრას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ. ისინი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. მესაზღვრეების პარალელურად ქართულ პოლიციასაც ემალებიან, რათა თავი აარიდონ პანდემიის გამო დაწესებულ სავალდებულო კარანტინს.

მდინარე ენგურზე უბედური შემთხვევა მოხდა ერთი თვის წინაც. მდინარემ ოკუპირებული გალის სოფელ ოქუმის მცხოვრების, 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიასთან. სოფლის მცხოვრებლების ცნობით, ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა.

XS
SM
MD
LG