21 სექტემბერს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სრულწლოვანი პირებისთვის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანისთვის, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების გამოყენების შესახებ უნდა შეეტყობინებინა და, შესაბამისად, მათი პასუხიც მოესმინა. ანუ, უნდა ეკითხა, თანახმანი არიან თუ არა ბრალდებულები, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და ვერდიქტიც გამოიტანონ. თუმცა, წინასასამართლო სხდომა, 21 სექტემბერს გაურკვეველი ვადით გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად კი დასახელდა ის, რომ საქმის მასალები, ბრალდებულთა ადვოკატების სარჩელის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.
საქმე ისაა, რომ გასულ სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე უარი განაცხადა. ადვოკატებმა კი მისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ახლა კი სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ძალაში დატოვებს თუ შეცვლის მოსამართლე კულულაშვილის გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს. ამისათვის სასამართლოს სულ ხუთი დღე აქვს.
ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი არჩილ გაგნიძე, საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემის პირობას:
„ჯერჯერობით, გამოკვეთილი პოზიცია არ გვაქვს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ მოძიებული და მოპოვებული მტკიცებულებები დამაგრდეს საქმეზე, რაზეც კულულაშვილმა უარი გვითხრა. აპელაციის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენც უფრო მყარად ვიქნებით და ჩამოვყალიბდებით, რა პოზიციას და გზას ავირჩევთ. გასათვალისწინებელია, რომ, სამწუხაროდ, მოსამართლე მოქმედებს ბრალდების მხარის სასარგებლოდ, მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს უპირობოდ თანხმდება, რასაც ვერ ვიტყვით დაცვის მხარეზე. მოსამართლემ არ მიიღო ჩვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ოთხ ვიდეოფაილთან ერთად. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ყოვლად აბსურდული იყო. თითქოს, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები არ მოდიოდა შესაბამისობაში 19 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან. მოსამართლე შევიდა ექსპერიმენტების შინაარსობრივ მსჯელობაში, მაშინ როდესაც მას ამის უფლება არ ჰქონდა. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე კი თქვა, რომ შინაარსობრივ მსჯელობაში ვერ შევიდოდა, მათი მტკიცებულება მიიღო და ამით ორმაგი სტანდარტი განავითარა“.
მოსამართლემ არ მიიღო დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებებიც. მათ შორის, საჯარო სივრცეში განთავსებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმები. ლაპარაკია საქმის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის კომენტარებზე სხვადასხვა მედიაში, რომლებიც, ვასილ მამულაშვილის თქმით, მათ მიერ მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული შინაარსის იყო.
ეკატერინე კულულაშვილმა უარი უთხრა ადვოკატებს მოწმეების გამოკითხვის ოქმების მიღებაზეც:
„ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, რომლებიც იძლეოდნენ როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინფორმაციას, თუ რა ილაპარაკა არჩილ გაგნიძემ იმ ღამით განვითარებულ მოვლენებზე. მოსამართლემ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია არარელევანტური იყო. მაშინ, იგივე ლოგიკით, ჩიტიძეც მსგავსი ირიბი მოწმეა, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, ვითომდა, როგორ გაანდო ნიკოლოზ რევაზიშვილმა მას 19 ივნისს, მცხეთაში განვითარებული მოვლენების შინაარსი“.
ვასილ მამულაშვილი, ერთი მხრივ, იმედოვნებს, რომ მომდევნო ხუთ დღეში, სააპელაციო სასამართლო დანიშნავს ზეპირ მოსმენას და სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას მოისმენს. მეორე მხრივ კი, ფიქრობს, რომ სასამართლო გააუქმებს მოსამართლე კულულაშვილის გადაწყვეტილებას და ადვოკატების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დასაშვებად მიიჩნევს.
არ აქვს გადაწყვეტილი, დათანხმდება თუ არა საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემას კიდევ ერთი ბრალდებული, ნიკოლოზ რევაზიშვილი. მისი ძმა, ვახო რევაზიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტული პოზიცია დაცვის მხარესა და მის ძმას ჩამოყალიბებული არ აქვთ: „ყველა პლიუსი და მინუსია ასაწონ-დასაწონი. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტები
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში დაინერგა. პირველი პროცესი, რომელშიც ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს მონაწილეობა, 2011 წლის 9 ნოემბერს მოეწყო. 18 ნოემბერს, 12-მა მსაჯულმა სამი ადამიანის მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის და მათი რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის ივლისში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს, ხადის ხეობაში, სმითების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმეა. 2019 წლის 25 მარტს, 19 წლის მწყემსი ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წაყენებულ ბრალში დამნაშავედ ცნეს და მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. 27 მარტს კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, საქართველოს სასამართლოებში, ნაფიცმა მსაჯულებმა სულ განიხილეს 46 სისხლის სამართლის საქმე, 59 პირის მიმართ.
- 59 ბრალდებულიდან, 41 ბრალდებულის მიმართ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი, 18 პირის მიმართ კი გამამართლებელი განაჩენი.
- 49 გამამტყუნებელი განაჩენიდან, 35 პირს მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; 4 პირს - უვადო თავისუფლების აღკვეთა; 1 პირს - ჯარიმა; 1 პირი გათავისუფლდა ამნისტიით.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ვერდიქტი გამოტანილ იქნა 5 ქალის და 54 კაცის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები საქმეს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდება წარდგენილია:
- სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით:
- 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა);
- 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძალადობა);
- 135 პრიმა მუხლით (სისხლის ან სისხლის კომპონენტით უკანონო ვაჭრობა);
- 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა);
- 144-ე−144 (2) მუხლებით (მძევლად ხელში ჩაგდება, წამების მუქარა);
- 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა);
- 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში);
- 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება და დაპატიმრება) და 149-ე მუხლებით (ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება);
- 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფალსიფიკაცია, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი);
- 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მძიმე შედეგი);
- 229-ე მუხლით (ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით).
ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შექმნილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლოებში.
იმ შემთხვევაში, თუკი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რომელიმე პირი დათანხმდება საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას, მაშინ, საქმე ცალკე გამოიყოფა და განსჯად სასამართლოდ გორის რაიონული სასამართლო დასახელდება.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი კი 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს.-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი. ისინი ბრალს არ აღიარებენ.