საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გერმანიიდან მოწვეულ სადამკვირვებლო კონტიგენტზე გავლენა არ იქონია კორონავირუსის პანდემიამ. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა თქვა, რომ გერმანია გამოაგზავნის დამკვირვებელთა ჩვეულ კონტინგენტს - 37 პირს.
„ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული. ჩვენ სწორედ ახლა ვადგენთ მათ გუნდს. პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი ჩამოვა ოქტომბრის ბოლოს. ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ“, - ამბობს ელჩი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
რადიო თავისუფლება მალე შემოგთავაზებთ გერმანიის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას.