გვიანდება თუ არა კოვიდინფიცირებულთა კონტაქტების მოკვლევა? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და რადიო თავისუფლება ინფიცირებულების ახლო კონტაქტებს ელაპარაკა.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთის შემთხვევაში, ოჯახის წევრს და მეორის შემთხვევაში, თანაკურსელს, COVID19 შაბათს, 12 სექტემბერს დაუდასტურდათ, მათ ეპიდემიოლოგიური სამსახურიდან არავინ დაჰკავშირებიათ. ისინი საკუთარი სურვილით გადავიდნენ თვითიზოლაციისა და მოლოდინის რეჟიმში, რომ ეპიდემიოლოგები დაურეკავდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
19 წლის ლუკა (სახელი შეცვლილია) თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. მის თანაკურსელს კორონავირუსი 12 სექტემბერს, შაბათს დაუდასტურდა. როგორც ის ირწმუნება, ეს ამბავი მან და მისმა თანაკურსელებმა, იმავე დღეს, ლექტორისგან, გასვლითი ლექციის მსვლელობისას შეიტყვეს. ლუკა ამბობს, რომ თავად ინფიცირებულმა დარეკა ლექტორთან და უთხრა, რომ ვირუსი დაუდასტურდა.
ლუკა ინფიცირებული სტუდენტის ახლო კონტაქტად ითვლება, რადგან ვირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათს, მასთან ერთად ლექციას დაესწრო. ისინი საათზე მეტ ხანს გვერდიგვერდ ისხდნენ.
ლუკას დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღემდე, მათ არც თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და არც ეპიდემიოლოგიური ჯგუფი არ დაჰკავშირებია:
„ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტიდან დაგვირეკავდნენ და გაგვაცნობდნენ გეგმას, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, არავინ შეგვხმიანა. ამიტომ, შაბათს, თავად დავუკავშირდი უნივერსიტეტს, ველაპარაკე დეკანს, რომელმაც თითქოს არაფერი სერიოზული არ ხდება, ისეთი პასუხი გამცა. მითხრეს, რომ უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების წესები, სტუდენტებმა იციან, რომ დისტანცია უნდა დაიცვან, მაგრამ ხანდახან ამ წესებს არღვევენო. არავის მოვუკითხივართ ეპიდემიოლოგიური სამსახურიდანაც. კვირას, დღის 12 საათზე, თავად დავრეკე ცხელ ხაზზე. ოპერატორმა ჩაიწერა ჩემი შვილის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. მითხრეს, დაგიკავშირდებათ ეპიდემიოლოგიო. თუმცა, ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. თუკი არავინ დაგვიკავშირდება, მაშინ იძულებული ვიქნებით, თავად მივმართოთ რომელიმე ლაბორატორიას ტესტის ჩასატარებლად“.
თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბექა კოკაია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შაბათსვე დაუკავშირდა ინფიცირებულის ყველა კონტაქტს, ჩააყენა საქმის კურსში და ინფორმაცია ინფიცირებულის კონტაქტების შესახებ მიაწოდა ეპიდემიოლოგიურ სამსახურსაც. ბექა კოკაიას თქმით, თუკი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რომელიმე სტუდენტს არ დაუკავშირდა, ეს ნიშნავს, რომ ეს სტუდენტი ინფიცირებულის ახლო კონტაქტი არ ყოფილა:
„აბსოლუტურად ყველა კონტაქტს დაუკავშირდა უნივერსიტეტი და შეატყობინა ინფორმაცია, სტუდენტის ინფიცირების შესახებ. ისინი გააფრთხილა, რომ თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური ტესტირება. პასუხების ნაწილი ცნობილია და ჯერჯერობით, დადებითი პასუხი არავის მოსვლია. თუმცა, ტესტირების პროცესი კვლავ გრძელდება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ადმინისტრაციამ ინფიცირებულის ახლო კონტაქტი საქმის კურსში არ ჩააყენა, ამაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ თუკი სტუდენტს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ დაჰკავშირებია, ეს ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულის კონტაქტი არ ყოფილა. ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამიტომ მშობლებმა არ იციან, ვინ არის ინფიცირებული. ჩვენ კონტაქტების შესახებ სრული ინფორმაცია გადავეცით ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და ახლა მათი პრეროგატივაა ამ კონტაქტებთან დაკავშირება და ტესტების ჩატარება“.
მესამე დღეა ეპიდემიოლოგების ზარს ელოდება რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი 27 წლის ანა (სახელი შეცვლილია).
ანას დედას კორონავირუსი შაბათს, 12 სექტემბერს, ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ის 112-მა გადაიყვანა.
67 წლის ქალი და მისი სამი მეგობარი, აჭარიდან თბილისში ხუთშაბათს დაბრუნდნენ, ვირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები კი პარასკევს საღამოს დაეწყოთ. ანას დედის მეგობრებმა ტესტი კორონავირუსზე შაბათს, ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში ჩაიტარეს, კვირას კი ლაბორატორიიდან მიიღეს პასუხები, რომ ისინი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები.
ანას თქმით, მისი ინფორმაციით, დედის ერთ-ერთს მეგობარს, რომელსაც კორონავირუსი კვირას დაუდასტურდა, არავინ დაჰკავშირებია და ორშაბათს დილით, თავად მიმართა 112-ს. რაც შეეხება დანარჩენ ორ მეგობარს, ანას მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ლაბორატორია „ციტოში“ რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ყველა ლაბორატორია, რომელიც საქართველოში PCR ტესტებს ატარებს, კორონავირუსზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტვირთავს ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე, სპეციალურ შიდა პროგრამაში, რათა ჯანდაცვის სისტემამ დროულად შეიტყოს ახალი შემთხვევის შესახებ და სწრაფად მოახდინოს რეაგირება.
მიუხედავად იმისა, რომ ანა ამ დღეების განმავლობაში, დედის გვერდით იყო და შესაძლოა, ისიც იყოს ვირუსის მატარებელი, ამბობს, რომ მასთან ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებს არ დაურეკავთ:
„დედას რომ სიცხე მისცა, იმ დღიდან თვითიზოლაციაში გადავედით. საბედნიეროდ, კონტაქტები არ გვაქვს, მაგრამ აი, მესამე დღეა ველოდები, რომ ვინმე დამიკავშირდება, გამოიკითხავს ჩემს მდგომარეობას და ტესტს ჩამიტარებს, მაგრამ აქამდე არავინ გამოჩენილა. კვირას მე დავრეკე ცხელ ხაზზე და ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი. ვუთხარი, რომ დედაჩემისთვისაც არაფერი გამოუკითხავთ. მიპასუხეს, რომ წესით, აქამდეც უნდა დაერეკათო. ჩაიწერეს ჩემი ნომერი და დამპირდნენ, დაგიკავშირდებიანო“.
- აგვიანებენ თუ არა ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას?
- როგორია კონტაქტების მოძიების პროცედურა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა?
- ხომ არ გახდა ეს რაოდენობა ეპიდემიოლოგთა შეფერხების მიზეზი?
ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსს ანა კასრაძეს მიმართა.
სამმართველოს უფროსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პაციენტისა და მისი კონტაქტის დასახელება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ მას ეს ინფორმაცია მიაწოდა, მოგვწერა, რომ კონკრეტული პაციენტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გასცემს.
საბოლოოდ, რადიო თავისუფლების კითხვები უპასუხოდ დარჩა.
ივნისის მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ექიმი-ეპიდემიოლოგები - დაახლოებით, 1500 ადამიანი იკვლევდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა რადიო თავისუფლებას ივნისში უთხრა, რომ ამ საქმეს სრულიად უანგაროდ აკეთებენ ასევე სტაჟიორები.
სწორედ ივნისში უთხრა რადიო თავისუფლებას ანა კასრაძემ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა გვექნებოდა, ისევე როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია, კონტაქტების მოძიება აზრს დაკარგავდა და შეუძლებელიც იქნებოდა.
14 სექტემბერს, საქართველოში, კორონავირუსის ყველაზე ბევრი, 165 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო დღეებია, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი, სამნიშნა რიცხვი გახდა.