Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატანში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო სასწავლო პროცესი არ განახლდება


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსით ინფიცირებულ 11 პირს შორისაა ადგილობრივი სკოლის პედაგოგი, რომლის დაავადება „გორის ქორწილის კლასტერს“ უკავშირდება. ინფიცირებული მასწავლებლის ოჯახში კორონავირუსი დაუდასტურდა 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს. მატნის სკოლის პედაგოგები, რომლებსაც კოვიდინფიცირებულ კოლეგასთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„მატანში შექმნილი ეპიდვითარების გამო, ხვალ, 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ დაიწყება და ის ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა, ორი საჯარო სკოლაა.

მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინფიცირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.

კორონავირუსის გავრცელების გამო მატნის შესასვლელსა და გასასვლელთან საველე კარვები დადგეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატანში შემსვლელ-გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი და ტესტირება.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

XS
SM
MD
LG