Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილის დაკრძალვაზე ჩამოსული ქალი საკარანტინო ზონიდან გაშვების პასუხს ელოდება


ემიგრანტი ქალი, რომელიც იტალიიდან საქართველოში შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ თელავის საკარანტინო სივრცეში, სასტუმროში გადაიყვანეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მომხმარებელმა ფეისბუკის დახურულ ჯგუფში ატვირთა.

ქალთან ერთად აეროპორტიდან ავტობუსით კარანტინში მოთავსებული პირები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ერთად მგზავრობდნენ ავტობუსით, რა დროსაც ქალმა ტირილი დაიწყო და თქვა, რომ კარანტინში გადაყვანის გამო შვილის დაკრძალვას ვეღარ დაესწრებოდა.

ამ თემაზე შესაბამის უწყებებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

საკარანტინო სივრცის დაცვის სამსახურის თანამშრომელი შოთა ხატელაშვილი ამბობს, რომ ქალს, რომელიც შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, კორონავირუსზე საკვლევად ნიმუში აუღეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის შესაძლოა დღესვე ან ხვალ გაუშვან სახლში.

თელავის საკარანტინო სივრცეში უცხოეთიდან ჩამოსული დაახლოებით 35 პირი მოათავსეს.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა საზღვრები და ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეუძლიათ. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები, 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა თელავის საკარანტინო სივრცეში არიან, ამბობენ, რომ ეს არის დისკრიმინაციული მოპყრობა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს კარანტინში ათავსებენ და იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეს წესი არ ეხებათ.

3 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ნორმატიული აქტები, რომლებიც კარანტინის გავლას ავალდებულებს იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებთანაც საზღვარი უპირობოდ არის გახსნილი, შესაძლოა, გადაიხედოს.

საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს 15 სექტემბრიდან მოუწევთ, თან იქონიონ ცნობა, რომ 72 საათით ადრე PCR-ტესტირება აქვთ გავლილი, ამის შესახებ 7 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

XS
SM
MD
LG