მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში მოსწავლეები საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს აღარ შევლენ, ისინი სწავლას დისტანციურად დაიწყებენ.
"ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება 2 კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თანაბრად ეხება საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.
ასევე გადადებულია სწავლა ბათუმსა და ქობულეთში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.
გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.
ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.