Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემპიონთა ლიგა“ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტსმენთა გაერთიანება „ჩემპიონთა ლიგა” სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვენ. 11 სექტემბრისთვის დაგეგმილ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანამდებობის ახალი, ოთხწლიანი ვადით შესანარჩუნებლად იყრის კენჭს და, დიდი ალბათობით, საჭირო ხმებსაც მიიღებს. ამის უმთავრეს მიზეზად ნაცლიშვილი და „ჩემპიონთა ლიგის“ წევრები სეოკ-ის ახალ წესდებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი დისკრიმინაციულია და ის პირდაპირაა მორგებული ერთადერთ კანდიდატზე - მოქმედ პრეზიდენტზე.

გია ნაცვლიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა თანამოაზრე სპორტსმენებთან ერთად. მათ შორის იყვნენ: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები გიორგი ასანიძე, ირაკლი ცირეკიძე, მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოზაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი და რევაზ ჩომახიძე. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 11 სექტემბრის არჩევნები არის უკანონო და მისი საბოლოო შედეგი ვერ ასახავს სპორტული საზოგადოების ნებას, მოახდენს ოლიმპიური და, ზოგადად, სპორტული მოძრაობის გახლეჩას და შექმნის დაპირისპირების რეალურ საფრთხეს.

გია ნაცვლიშვილი და „ჩემპიონთა ლიგაში“ გაერთიანებული სპორტსმენები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და მოითხოვენ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ყველა დემოკრატიული და სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, მოამზადებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ წესდებას და უზრუნველყოფს მის დამტკიცებას.

XS
SM
MD
LG