Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პასუხობენ რუსი დეპუტატის ბრალდებებს - საქმე „ნოვიჩოკის“ წარმოებას ეხება


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის დუმის დეპუტატის იური შვიტკინის ბრალდებებზე კომენტირებისას ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობის დისკრედიტაციას ემსახურება.

შვიტკინმა "რია ნოვოსტის" უთხრა, რომ "ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას, რუსეთი არ აწარმოებს, მისი თქმით მსგავსი ლაბორატორიები საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.

ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და ის მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

ჩვენ პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმას ამ ლაბორატორიაზე. ეს არის დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანიც არის ერთი მხრივ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ, ვითომ გარკვეული ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა საქართველოში, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს არაერთხელ განუცხადებია“,- ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

​პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება, „არის აშკარა პოლიტიკური დემარში, მუქარა, ისევე როგორც ბორდერიზაცია და ხალხის გატაცება“

მმართველი პოლიტიკური ძალის დეპუტატების ეს განცხადებები პასუხია რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იური შვიტკინის კომენტარზე. მან თქვა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას, რუსეთი არ აწარმოებს, მისი თქმით მსგავსი ლაბორატორიები საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

„მოდით გამოვიდეთ იქიდან, რომ ჩვენს ტერიატორიაზე მსგავს ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწაროებთ, რამდენადაც ინფორმაცია არსებობს, ასეთ იარაღი, ასეთი მომწამლავი ნივთიერება საქართველოს ტერიტორაზეა აშშ-ს მხრიდან , ლაბორატორებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- ამბობს შვიტკინი.

მისივე თქმით, რუსეთი საჭიროების შემთხვევაში მზადაა ჩაერთოს საგამოძიებო მოქმედებებში და დაამატა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, გერმანიას ექსპერტიზის პასუხების გადმოცემა სთხოვა.

„ჩვენი მისამართით ბრალდებები აბსურდულია და არ შეიცავს არავითარ არგუმენტაციას, არავითარ მტკიცებულებებს, მორიგ ჯერზე იკვეთება ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა, თითქოს სკრიპალის მოწამვლის ბრალდების გაგრძლების მიზნით, თითქოს ნავალნის და პასუხისმგებლობის ჩვენზე გადმოტანა“,- ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი.

ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ბერლინში იქნა გადაყვანილი.

44 წლის ნავალნი ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.

"ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მისი კვლევა გაგრძელდა რუსეთში. მისი, როგორც საბრძოლო დანიშნულების ნერვული მოქმედების ნივთიერების გამოყენება, აკრძალულია.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, წლებია აშშ-ის დაფინანსებით აგებული ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თბილისში კრემლისა და მასთან აფილირებული პირებისა თუ მედიაორგანიზაციების დეზინფორმაციის სამიზნეა .რუსული პროპაგანდა სხვადასხვა დროს, ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკელები ექსპერიმენტებს ატარებენ; ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ; აფხაზეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულ კოღოებს თუ აზიურ ფაროსანას ავრცელებენ; ცხინვალის რეგიონში - ღორის გრიპს.

ასევე ნახეთ: ბორის ჯონსონი: აღმაშფოთებელია, რომ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს

თეთრი სახლი აღშფოთებას გამოხატავს ნავალნის მოწამვლის გამო

შიში და უიმედობა - რას თესავს ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში?

ღამურები, ჩვენება რუსულად და მორიგი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

XS
SM
MD
LG