Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საზღვრის პოლიციას უფლება მისცა, მოქალაქე არ გაუშვას საქართველოდან შენგენის ზონაში


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელითაც საზღვრის დაცვის პოლიციას უფლება ექნება, მოქალაქე არ გაუშვას შენგენის ზონაში. კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

ამ დროიდან პოლიცია პირს შენგენის ზონაში გაფრენამდე რამდენიმე კრიტერიუმით შეამოწმებს და თუ რომელიმე მათგანი დაირღვევა, მოქალაქე საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთს.

ეს კრიტერიუმებია:

  • თუ პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;
  • თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
  • სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);
  • შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანონპროექტის ავტორი 9 დეპუტატია, რომლებიც განმარტებით ბარათში აღნიშნავდნენ, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაიწყოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. მათივე განმარტებით, ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის ფარგლებში ღიად აფიქსირებენ, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები "არაკეთილსინდისიერი" მოქალაქეების რაოდენობის შესამცირებლად.

"ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინდექსი" მიიჩნევს, რომ კანონი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის უფლებას.

"მოცულობის ფართო დისკრეცია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში შექმნის საფრთხეს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ ქვეყნიდან გასვლა, უარის შემთხვევაში ვერ მოახერხებენ თავიანთი დარღვეული უფლებების დროულ და ეფექტიან დაცვას. შესაბამისად, პარლამენტმა, ნაცვლად დელეგირებისა, თავად უნდა განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის თავისუფლების დაცვის წესები და პროცედურები საკანონმდებლო აქტით", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის 28 მარტიდან უვიზოდ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება აქვთ. მათ უვიზოდ მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში ჯამში 90 დღე შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG