Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სკოლებმა მუშაობა განაახლეს პანდემიის პირობებში


1 სექტემბერს ათობით მილიონი მოსწავლე დაუბრუნდა სკოლებს. სწავლის დაწყების ამ ტრადიციულ დღეს მათ, როგორც ყოველთვის, ჩანთებში ჰქონდათ სასწავლო წიგნები, რვეულები, ფანქრები. მაგრამ ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრგან ამ სასკოლო ნივთებს პირბადეები და ხელების სადეზინფექციო საშუალებებიც დაემატა.

წელს სკოლებში სიახლეთა შორისაა სადეზინფექციო ცენტრები, სოციალური დისტანციის დაცვა საკლასო ოთახებში, სასადილოებსა და დერეფნებში, ასევე არათანაბარი სათამაშო დრო გაკვეთილებს შორის. ამ და სხვა ზომებს მიმართავენ მსოფლიოს ქვეყნები, რათა გამონახონ გზები სკოლებში ბავშვების დასაბრუნებლად. გაზაფხულზე განათლების პროცესში სერიოზული შეფერხებების შემდეგ სწავლა ბევრგან ბრუნდება სკოლებში, მაშინ, როცა ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები კვლავ იზრდება მთელი ევროპის მასშტაბით.

ფართოდაა გავრცელებული შიში, რომ სკოლებსა და ოფისებში ხალხის თავმოყრამ, შემოდგომის სეზონურ გრიპთან კომბინაციაში, შესაძლოა ინფიცირების ახალი ტალღები გამოიწვიოს. მაშინ, როცა პანდემია კვლავ ძალას იკრებს, მშობლებისა და მასწავლებელთა ზოგი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება მოსწავლეთათვის საკლასო ოთახების კვლავ გახსნას. მაგრამ ბევრი მშობელი ბედნიერია, რომ ისინი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან.

„კარგია, რომ ჩვეულებრივ განრიგს, ნორმალურ რუტინას უბრუნდებიან“, თქვა ერთ-ერთმა მშობელმა, სტეფანიმ, რომლის შვილი პარიზის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს.

შეკითხვაზე, აფიქრებს თუ არა სკოლაში ვირუსის გავრცელება, სტეფანიმ თქვა: „იმაზე მეტად არა, ვიდრე ბაზარში. შეუძლებელია სიცოცხლის შეწყვეტა, უბრალოდ წესები უნდა დაიცვა“.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ზომას მიმართავენ სკოლაში ინფიცირების რისკის შესამცირებლად. ესპანეთის 17 რეგიონში ყოველი მათგანი თავადაა პასუხისმგებელი სკოლაში დაბრუნების გეგმის მუშაობაზე, თუმცა მათ უნდა მისდიონ ეროვნულ რეგულაციებს, მაგალითად, ექვს წელზე უფროს ბავშვებს პირბადეები უნდა ეკეთოთ. სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქ რონდის კათოლიკური სკოლის პერსონალი მერხებს შორის დაშორებას ზრდიდა და დერეფნებში ცალმხრივი მოძრაობის სისტემას აგვარებდა სწავლის დაწყებისთვის, რაც 10 სექტემბერს არის გათვალისწინებული.

„გვაქვს გელი, შეგვიძლია სისხლის გაზომვა, ყველა საკლასო ოთახში გავზარდეთ დაშორება“, ამბობს სკოლის დირექტორი, დედა მარტა. „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია“.

ქაოსი, წინააღმდეგობა, სწავლის შეფერხება

საფრანგეთის მთავრობის თქმით, კრიზისმა არ უნდა შეაჩეროს მოქალაქეთა ცხოვრება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინგლისში სკოლების ხელახლა გახსნას ამ კვირაში.

დიდი ბრიტანეთის მასწავლებელთა პროფკავშირები ჩივის ქაოსის გამო, რაც გამოიწვია უკანასკნელ მომენტში ცვლილებებმა და ხაზი გაუსვა სათადარიგო გეგმის არსებობის მნიშვნელობას მეორე ტალღის დაწყების შემთხვევისთვის.

გაეროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პიკის დროს, აპრილში, მთელ მსოფლიოში 1,5 მილიარდ ბავშვს შეეხო სკოლების დახურვა. ექპერტთა თქმით, სკოლების დახურვამ კიდევ უფრო გაზარდა უთანასწორობა.

ეპიდემიოლოგების თქმით, სკოლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ადგილობრივ საზოგადოებაში და იმაზე, უსაფრთხოების რა ზომები გამოიყენება.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გლობალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები COVID-19-ით დაავადებულთა მხოლოდ 1-2%-ს შეადგენენ მთელ მსოფლიოში. ბავშვებში აღმოჩენილი შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სიკვდილიანობა დაბალია.

„სკოლები მოქმედებს თემებში, ისინი არ არსებობს იზოლირებულად. ამიტომ მთავარი, რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ როგორ ხდება დაავადების გადადება იმ თემში, სადაც მოქმედებს ეს სკოლები“, განაცხადა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერკჰოვემ.

გერმანია და შვედეთი იმედს იძლევიან. „ჰოგვორტსში დაბრუნება“ გაუქმდა

გერმანიაში, სადაც სკოლები აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა, 20 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პროპორციული მონაცემები სტაბილური დარჩა. შვედეთში პანდემიის დროს სკოლები არ დაუხურავთ, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მოსწავლეთა შორის ინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე მეზობელ ფინეთში, სადაც სკოლები დროებით დახურული იყო.

„ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ სკოლებში, ხალხი კი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს, მაგრამ გვინდა, რომ ეს უსაფრთხოდ მოხდეს. ამავე დროს, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია თავის ისე დაჭერა, თითქოს პანდემია დამთავრებულიყოს“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.

20 წელზე მეტია, რაც ჯოან როულინგის ცნობილი ნაწარმოებისა და მისი მთავარი გმირის, ჰარი პოტერის, მოყვარულები ლონდონში აღნიშნავენ „ჰოგვორტსში დაბრუნების“ დღესასწაულს. მასში დიდი რაოდენობით ხალხი იღებს ხოლმე მონაწილეობას 1 სექტემბერს. მაგრამ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ლონდონის King Cross-ის სარკინიგზო სადგურმა, სადაც ტარდება ხოლმე ეს ღონისძიება, პანდემიის გამო დაჟინებით სთხოვეს გულშემატკივრებს, არ შეიკრიბონ. ამის ნაცვლად, წიგნის მიხედვით გადაღებული ცნობილი ფილმების პროდიუსერებმა შექმნეს სპეციალური ვებსაიტი და მოსწავლეებს მოუწოდეს, გაგზავნონ საკუთარი ფოტოები ჰოგვორტსის ბინადართა რომელიმე სამოსსა თუ ფორმაში.

XS
SM
MD
LG