Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უყვება გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნე


ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ახალ მასალებში არსებულ გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს, რომელიც კობა ჩიტიძეს ეკუთვნის და რომელიც საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ყოფილი თანამესაკნეა.

ჩვენება, რომელსაც ტელეკომპანია აქვეყნებს


კობა ჩიტიძის გამოკითხვის ოქმი 14 აგვისტოთი თარიღდება. საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ მიერ გავრცელებული ოქმის თანახმად, ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი კობა ჩიტიძეს 19 ივნისს, მცხეთის მაგისტრალზე განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად უყვება:

„ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან. დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან, ამათი დედა. მძღოლის გარდა, ყველანი გადავედით და გავიქეცით იმათი მიმართულებითო. ისინი ყველანი გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემოთ ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილს, რომ მივუახლოვდით, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი, იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. დევნის დროს, ერთი ბიჭი, არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. მას უკან მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ, ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მო...ითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, მაგრამ არ გვიცემია. აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო. ამირხანაშვილი შეშინებული იყო. გზაზე რამდენჯერმე პირჯვარიც გადაიწერა. შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყი ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ, ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ და ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის დროს, ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო. უკან მიჰყოლიან ყველანი, რა დროსაც, მდინარეში გადავარდა ეს ბიჭი და დედა მოე...აო და დაიხრჩოო".

რაც შეეხება შაქარაშვილის წელის ჩანთას, ერთ-ერთ მთავარ ნივთმტკიცებას, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, არაგვის ხიდის ერთ-ერთ სვეტზე აღმოაჩინა, რევაზიშვილის მონათხრობის მიხედვით, რომლის შესახებაც კობა ჩიტიძე ჩვენებაში ყვება, ჩანთა იპოვა ა.ქ.-მ., რომელშიც ნახეს გიორგი შაქარაშვილის ჟელე და სავარცხელი და რის შემდეგაც, მიიღეს გადაწყვეტილება, ჩანთა მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ერთ-ერთ სვეტზე დაეტოვებინათ და ასე აერიათ გამოძიებისთვის კვალი:

„ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფიქრებენ, ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო. აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს, მთქმელს და მის ოჯახს დედა აქ მო..იო. რა უნდა გაბაზრდეს, ვინც ამას იტყვის, ზონაში ვერსად გაჩერდება, ბოზის სახელი ექნებაო. აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი, ამათი დედა მო...ო“.

კობა ჩიტიძე ჩვენებაში აღწერს, როგორ უკავშირდებოდა ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან ოჯახის წევრებს და ასევე როგორ ცდილობდა გურამ ამირხანაშვილისთვის ხმის მიწვდენას, რათა მას არ მიეცა ჩვენება „კამრის“ მგზავრების წინააღმდე. ამავე ჩვენების თანახმად, 18-19 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ნიკა რევაზიშვილის ცოლსაც. ჩვენების მიხედვით, მან ამის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც 19 ივნისს, მათთან სახლში მივიდა საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ნიკა ჟვანია და სთხოვა ნიკა ცერცვაძის ავტომობილით წასულიყო მცხეთაში და ენახა სამძებრო ღონისძიებები:

„მამამისთან დამაბარა, წასულიყო „კამრით“ წამოყვანილ ბიჭთან, გვარად ამირხანაშვილთან იმ მიზეზით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც გამორიცხავდა ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტს. ანუ ამირხანაშვილს უნდა მიეცა ისეთი ჩვენება, რომ ნიკა რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, შემთხვევის ადგილიდან ამირხანაშვილი ამ უკანასკნელის სურვილით წამოიყვანეს და არა იძულებით. თუმცა, ბოლოს ნიკა რევაზიშვილმა გადაიფიქრა ამ დანაბარების გადაცემა და მითხრა, რომ ამის შესახებ მამამისისთვის არ მეთქვა, რადგან თავად უწერდა ადვოკატს წერილებს, გამყოფ მინაზე ადებდა და ამ გზით ატყობინებდა მამამისისთვის გადასაცემ ინფორმაციას“.

რას ამბობს სახალხო დამცველი კობა ჩიტიძის ჩვენებაზე


აღსანიშნავია, რომ კობა ჩიტიძემ გამოძიებას მას შემდეგ მისცა ჩვენება, რაც ის სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კობა ჩიტიძესთან შეხვედრა მოითხოვა როგოც თავად ჩიტიძემ, ისე, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა. ლომჯარია მის ვინაობას არ აკონკრეტებს:

"თავდაპირველად, ამ პირთან გასაუბრება გვთხოვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა და შემდეგ თავად ამ პირმაც მოისურვა ჩვენთან გასაუბრება. ჩვენი შეხვედრების მთავარი მოტივი არ არის ხოლმე საქმის შესახებ მტკიცებულებების მოპოვება ან ის, რომ ბრალდებულები ვალაპარაკოთ საქმის გარემოებებზე. თუ მათ თავად აქვთ ამის სურვილი, ცხადია, გვესაუბრებიან, მაგრამ როგორც წესი, ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ხოლმე, პატიმრის საჭიროებების შესახებ ლაპარაკი, ხომ არ სჭირდებათ რაიმე დახმარება. ამ შემთხვევაში, გარკვეული პატიმრების მხრიდან იყო შეხვედრის მოთხოვნა, არ დავაკონკრეტებ რა შინაარსის და მათი თხოვნის შესაბამისად მოვახდინეთ რეაგირება".

ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილი კობა ჩიტიძეზე


ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნემ გამოძიებას ჩვენება მისცა, რამდენიმე დღის წინ, თავად ნიკოლოზ რევაზიშვილმა გაავრცელა. წერილი, სადაც ის ჩიტიძის ჩვენების შინაარსის შესახებ წერს, მან 26 აგვისტოს, ადვოკატის ხელით გაუგზავნა ოჯახს. ოჯახმა წერილი გაასაჯაროვა.

ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილში ვკითხულობთ:

„დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტიძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები, სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა. იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს „სამართლადამცავ“ სისტემასთან დებს გარიგებას.

მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს არჩადენილი დანაშაულისთვის და გისურვოთ, არასოდეს აღმოჩნდეთ ამ სადამსჯელო მანქანის მძევალი. და ბოლოს, მინდა მივმართო კობა ჩიტიძეს, ტყუილებით თავისუფალი ვერასოდეს გახდები“

პროკურორის მოკლე კომენტარი ჩიტიძის ჩვენების შესახებ


გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეზე გაუთქმელობის პირობის გამო, კობა ჩიტიძისა და მისი ჩვენების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, ჩიტიძემ თავად გამოთქვა ჩვენების მიცემის სურვილი, მისი მონათხრობის შეფასებას კი მოსამართლე გააკეთებს, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში დაიკითხება.

ნიკა ჩიტიძის ჩვენებას აბსურდულს უწოდებს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მისი ჩვენება სრულ წინააღმდეგობაში მოდის თავად ბრალდების ვერსიასთანაც კი. ვასილ მამულაშვილის თქმით, ეს პირი, სავარაუდოდ, ცდილობს, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და ამით ის ბრალი, რის გამოც დაკავებულია, შეიმსუბუქოს:

„პროკურატურა უკვე გადავიდა ბინძურ ქმედებებზე. ამ ჩვენების ფასი არის ნული. თუ ჩავთვლით, რომ ეს ირიბი მტკიცებულებაა, მას ფასეულობა არ აქვს, რადგან ირიბი მტკიცებულება ემსახურება პირდაპირი მტკიცებულების სრულყოფას, შევსებას, ანუ წყაროსთან უნდა გადამოწმდეს. წყაროსთან გადამოწმების შემთხვევაში, წყარო, ანუ რევაზიშვილი, ამ ირიბ მტკიცებულებას უარყოფს და ასეთ შემთხევაში, ეს მტკიცებულება დაუშვებლად იქნება მიჩნეული. ამ ყველაფერს აკეთებენ საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად. თორემ პირველმა კურსელმა იურისტმაც კი იცის, რომ ამ მტკიცებულებას არანაირი ფასი არ აქვს“.

რევაიზშვილის ძმა: ნიკამ არაერთხელ ახსენა მისი თანამესაკნე


როგორც ვახო რევაზიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა ეუბნება რადიო თავისუფლებას, მისმა ძმამ, ოჯახის წევრებთან ლაპარაკისას, არაერთხელ ახსენა თანამესაკნე, რომელიც ბრალდებულის თქმით, მას ბევრ კითხვას უსვამდა:

"რამდენჯერმე ახსენა. ამბობდა, რაღაცნაირად საეჭვო ტიპია, ძალიან ბევრ კითხვას სვამს და არ მომწონსო. თავიდანვე ჰქონდა მასზე გარკვეული ეჭვები".

ბრალდებულის ძმის თქმით, ამგვარი ჩვენებების გამოქვეყნებით, გამოძიებას სურს მედიისა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე ზემოქმედება. როგორც ის ამბობს, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, გიორგი შაქარაშვილის ჩანთის ექსპერტიზის პასუხებისა და კობა ჩიტიძის ჩვენების გასაჯაროება:

​"როგორც ცნობილია, ჩანთის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ჩანთაზე არ აღმოჩნდა ბრალდებულების გენეტიკური ნიმუშები. ამ ინფორმაციას მაშინვე მოჰყვა ჩიტიძის ჩვენების გამოქვეყნება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჩვენებას არანაირი ძალა არ გააჩნია, ჩნდება ერთადერთი ვერსია, რომ გამოძიება ამ ყველაფერს იყენებს მედიასა და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, რომ მათთვის ყველაფერი ისედაც ცნობილია".

30 წლის ნიკოლოზ რევაზიშვილი, ერთ-ერთია იმ ხუთი ბრალდებულიდან, რომლებსაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მან და მასთან ერთად მყოფმა არჩილ გაგნიძემ მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილის და ალყაში მოაქციეს. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში, ნიკოლოზ რევაზიშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის. ნიკოლოზ რევაზიშვილი ბრალს არ აღიარებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG