19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცების, წელის ჩანთის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილი.
დასკვნის დეტალების შესახებ რადიო თავისუფლებას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ესაუბრება. მისი თქმით, წელის ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთი ეკუთვნის თავად გიორგი შაქარაშვილს, მეორე - ჩანთის მფლობელს, რომლისგანაც გიორგიმ 18 ივნისს ჩანთა ითხოვა, მესამე - გიორგი შაქარაშვილის ნათესავ ქალს, მეოთხე პროფილის თაობაზე კი კვლევა გრძელდება.
დავით ყაზარაშვლის თქმით, ამ ეტაპზე, შედარებულია 42 ნიმუში, მათ შორის, თავდასხმაში მონაწილეების, დაზარალებულების, დაბადების დღის სტუმრებისა და იმ პირების, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, მცხეთიდან დაზარალებულები წამოიყვანეს, თუმცა, ჩანთაზე არცერთი მათგანის გენეტიკური პროფილი, მათ შორის, არც მკვლელობაში ბრალდებულების გენეტიკური პროფილი არ არის აღმოჩენილი:
„ის გარემოება, რომ ჩანთაზე არ აღმოჩნდა მკვლელობაში ბრალდებულების დნმ ნიმუში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილთან არ ჰქონდათ შეხება. არის შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, საგანზე გენეტიკური ნიმუში არ დარჩეს ხელის შეხებითაც კი. რა თქმა უნდა, მათ გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდათ შეხება. ამ ეტაპზე შედარებულია მხოლოდ 42 ობიექტი, თუმცა, 100-ზე მეტი ობიექტია საერთო ჯამში გადაგზავნილი და კვლავ მიმდინარეობს კვლევები. ყველა იმ პირის გენეტიკური პროფილია აღებული, ვინც კი შესაძლოა იმ ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, მათ შორის, გამომძიებლები, მაშველები, პოლიციელები, მეთევზეები, იგივე ფეხოსანი პატრული. ყველა პირის დნმ პროფილია აღებული და მიმდინარეობს კვლევა. როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით, მედიას მივაწვდით ინფორმაციას“.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა, განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება, გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, არაგვის ხიდის სვეტზე შემოდებული მაშინ აღმოაჩინა, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა საქმის მთავარ მოწმესთან, გიორგი შაქარაშვილის მეგობარ, გურამ ამირხანაშვილთან ერთად.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
გამოძიების ვერსიის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, გიორგი შაქარაშვილს, არაგვის ხიდის ქვეშ, უკან მისდევდა ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. ხოლო ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ მას გზა მოუჭრეს, წინიდან დახვდნენ, რის გამოც 19 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო, მდინარე არაგვის მიმართულებით. გამოძიება ამბობს, რომ მდევრებმა გიორგი შაქარაშვილს მდინარის ნაპირამდე სდიეს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.
გიორგი შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი და ჯამში 17 პირია ბრალდებული. ცალ-ცალკეა გაყოფილი სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნების საქმეები, რომლებსაც ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობის ორგანიზება და ძალადობაში მონაწილეობა. ცალკე საქმედ არის გამოყოფილი განზრახ მკვლელობის ეპიზოდი, რომელშიც ორი არასრულწლოვანი ფიგურირებს.