"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ამავე პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
"მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, მე აუცილებლად ვიბრძოლებ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ბათუმიდან", - თქვა ვარშალომიძემ "მთავარი არხის" ეთერში, სადაც ის კარანტინიდან ჩაერთო.
ვარშალომიძე ბოლო წლებში უკრაინაში მოღვაწეობდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. საქართველოში დაბრუნების შესახებ მან 30 აგვისტოს განაცხადა.
ლევან ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობდა. ლევან ვარშალომიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა მაშინ მან უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა.