Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფაქტობრივად, კვირაში ერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება, რაც საშიშია. დიაგნოსტიკა რთულია, არ ვიცით რა არის, არ ვიცით დოზირება"


დავით ვადაჭკორია, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი
დავით ვადაჭკორია, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი

ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა „ნეოგენის“ ხელმძღვანელი, დავით ვადაჭკორია თვლის, რომ ნარკომანია საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემათა სამეულშია.

დავით ვადაჭკორია ამბობს:

„მძიმე ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ყველა ოჯახს მეტნაკლებად შეხებია ეს პრობლემა.

იყო პერიოდი, როცა საზოგადოებას ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდა ეს საკითხი და გარკვეულწილად ფიქრობდა, რომ ეს პრობლემა მას არ შეხვდებოდა.

ჩემი აზრით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის პრობლემის შემდეგ, აქ რიგითობაზე კამათიც შეიძლება, მესამე არის ნარკომანიის პრობლემა, რადგან ჩვენი გენოფონდი ნადგურდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად.

რა არის მთავარი გამოწვევა ამ პრობლემასთან მიმართებით: უნდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ეს ბევრ ფაქტორზეა მიბმული. სამწუხაროდ, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალი რჩება. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ ატარებენ ქმედებებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომობის პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას.

რაც შეეხება ეფექტურ ჩარევას: ძალიან დიდი ნაბიჯია, რომ საქართველოში არსებობს ჩანაცვლებითი პროგრამები. თუმცა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს მკურნალობის სრული ციკლის ჩატარების საშუალება. საუბედუროდ, ეს არის უმძიმესი, ქრონიკული, დროში გაწელილი პრობლემა, რომლის მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი არის ეფექტიანი სარეაბილიტაციო სისტემის დანერგვა ქვეყანაში. საკმაოდ ძვირადღირებული პრობლემაა, რადგან საჭიროა პაციენტის თვეების განმავლობაში რეაბილიტაცია. არის ჩანასახოვან მდგომარეობაში ზოგი სარეაბილიტაციო პროგრამა, მაგრამ ვერ მოიცავს მომხმარებელთა რაოდენობას, რომელსაც ეს სჭირდება.

კიდევ ერთი პრობლემა არის ეფექტიანი, ცოდნაზე დაფუძნებული საპრევენციო ღონისძიებების გატარება ქვეყანაში. იცით, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამაზე მეტყველებს კვლევები. არ გვაქვს სამწუხაროდ, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალება ქვეყანაში, რაც უმძიმესი გამოწვევაა იგივე განათლების სისტემისთვის“.

დავით ვადაჭკორია შენიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ნარკომანიის პრობლემა საერთოდ არ ჩანს, არათუ მისი რეალური სიმწვავე:

„როცა ვესაუბრები მომხარებლების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთავარ გამოწვევად ასახელებენ ქვეყანაში ამ პრობლემას, იმდენად მწვავეა ეს მათი ოჯახებისთვის. ყველაზე მეტად აწუხებთ ის, რომ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი ნარკოტიკული საშუალებები. საუბედუროდ, სურათი მძიმდება და მძიმდება. მხოლოდ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელი 50 ათასამდეა ქვეყანაში. ჩემთვის, ამ გადმოსახედიდან, პერსპექტივა ვერ ჩანს დადებითად“.

დავით ვადაჭკორია ლაპარაკობს ე.წ. ნარკოსცენის მუდმივი განახლების პრობლემაზე. როცა ბაზარზე ჩნდება ახალ-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ეს მკვეთრად ზრდის რისკებს მომხმარებლებისთვის და ამას ერთვის ისიც, რომ ექიმებისთვის ძალიან რთულდება დიაგნოსტირება და მკურნალობის გზების გამონახვა:

„არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიო ნარკოსცენისთვის უდიდესი გამოწვევაა ახალი ნივთიერებები. 2004 წლიდან დაახლოებით, ფაქტობრივად კვირაში ერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება, რაც საშიშია, რადგან ისინი არ ხვდებიან შესაბამისი კონვენციების რეგულაციის ქვეშ, დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ასეთი ნივთიერებების რეალიზაცია გარკვეულწილად ლეგალურობის საფარქვეშ ხდება.

2019 წელს კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ თბილისში მომხმარებელთა დაახლოებით 20% ხმარობს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. არ ვიცით რა არის, არ ვიცით დოზირება, არ ვიცით მომხმარებელი იმას მოიხმარს, რასაც ყიდულობს, თუ კიდევ სხვა რამეა.

ამერიკაში არის ეპიდემია სინთეზური ნარკოტიკული საშუალების „ფენტანილის“. 2018 წელს 40 ათასი ადამიანი დაიღუპა „ფენტანილის“ ზედოზირების შედეგად. საქართველოში, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა შემოდის ეს „ფენტანილი“. გახსოვთ თქვენ, როცა რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინ გამოვთქვი აზრი, ეს სიკვდილიანობა ხომ არ არის დაკავშირებული „ფენტანილის“ შემოტანასთან და დადასტურდა კიდევაც, რომ მის მოხმარებასთან გვქონდა საქმე, რადგან ეს ნივთიერება დაახლოებით 40-50-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე იგივე ჰეროინი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ რისკს შეიცავს ზედოზირების და სიკვდილიანობის.

კიდევ ერთი უმძიმესი პრობლემა, რომელიც ამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს, არის უმძიმესი ფსიქოაშლილობის გამოწვევა, რომელიც ურთულესია სამართავად და სამკურნალოდ“.

„დილის საუბრების“ სტუმარი იხსენებს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ ნარკოპოლიტიკის საკითხებისადმი მაღალი ინტერესის გამოჩენას. თუმცა, ამას რეალობა არ შეუცვლია:

„მახსოვს 2016 წლის არჩევნები რომ ტარდებოდა, თემის წარმომადგენლები ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას შევხვდით. იყო აქტიური საუბარი ახალ ნარკოპოლიტიკაზე კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით და ყველა პარტია მოვალედ თვლიდა საკუთარ თავს, რომ შეგვხვედროდა და ჩვენი აზრი გაეგო. ბევრ რამეში გვეთანხმებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ სამომავლოდ. თუმცა, იცით, რომ ეს საპარლამენტო ციკლი მთავრდება, კანონმდებლობა მიღებული არ არის.

წლევანდელ არჩევნებზე, შეიძლება ეს პანდემიას უკავშირდება, ასეთი აქტიური კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებს ამ თემებზე არ ჰქონიათ.

კანონმდებლობა ორი მიმართულებით უნდა იყოს: მკაცრი ზომები ნარკოტიკული საშუალებების შემოდინების წინააღმდეგ, თუმცა, მკაცრი პოლიტიკა ნარკომომხმარებლებთან კონტრპროდუქტიულია და შედეგს ვერ იძლევა. ამას მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს“.

ექიმ-ნარკოლოგის თქმით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციისკენ და მომხმარებლებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევისკენ. ამასთან, დავით ვადაჭკორია არ ეთანხმება საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ მოსაზრებას:

„სამწუხაროდ, მუსირებს აზრი, რომ თუ ადამიანი ნარკომომხმარებელია, მას არაფერი ეშველება. მინდა, რომ ეს მიდგომა დაინგრეს ამ ქვეყანაში, რადგან მე მყოლია პრაქტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც გაანება თავი ნარკოტიკულ საშუალებებს და დღეს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ამიტომ, ეს კლიშე, რომ, თუ ადამიანი ნარკომომხმარებელია, მას არაფერი ეშველება, უნდა დაინგრეს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG