Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში ჩამოხსნეს „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი


აჭარაში ჩამოხსნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი მოწოდებით, „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.

ბანერის ჩამოხსნაში მონაწილეობდა „ლელო საქართველოს“ წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დემონატაჟის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა:

"მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს! აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!"

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასევე გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური, რომელზეც წითელი ფერით მონიშნულია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც „პატრიოტებს“ უწოდა „შმატრიოტები“.

„ამ ადგილას „პატრიოტთა ალიანსის“ მოღალატეობრივი პოლიტიკა დამთავრდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ბილბორდის ჩამოხსნაში მონაწილეობდა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბილბორდის კანონთან შეუსაბამობა გააპროტესტოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლის გაღვივება აკრძალულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ, რომლის თქმითაც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია ვალდებულია, ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ, თავისი სააგიტაციო მასალის (პლაკატების, ბანერების და სხვა) ასლები წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი რეკვიზიტების ჩათვლით (ტირაჟი, დამკვეთი, შემსრულებელი და ა.შ.).

„ოფიციალურად კამპანიის დაწყებამდე, ცესკო ან საოლქო კომისია ამ ბილბორდის კანონიერებას ფორმალურად ვერ შეისწავლის. შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებისთანავე ვაპირებთ მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით“, - ამბობს ნინო რიჟამაძე.

ამავე თემაზე: „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში უჩივლებენ

XS
SM
MD
LG