19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა მამამ, თამაზ ხომასურიძემ, შიმშილობა დაიწყეს.
თამაზ ხომასურიძის თქმით, სამი დღის შემდეგ ის მშრალ შიმშილობაზე გადავა, ერთი კვირის თავზე კი პროტესტის კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართავს. თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა გენერალური პროკურატურის წინ დაიწყო.
როგორც თამაზ ხომასურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, მას გამოძიებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: პირველი, ხელმისაწვდომი გახდეს მედიისათვის საქმის ახალი მასალები და მეორე - ბრალდებულები და მთავარი მოწმეები დაიკითხონ სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.
თამაზ ხომასურიძე ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში, ის საზოგადოებას და გამოძიებას გააცნობს მის მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოძიების მასალებსა და იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დაამტკიცებს, რომ მის შვილს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც თამაზ ხომასურიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან ალტერნატიული გამოძიება მისი ყოფილი თანამშრომლების დახმარების ჩაატარა:
„მე ვარ კონტრდაზვერვის დივერსიული ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი. ამ ტიპის საქმეს, ჩვენ ნახევარ საათში გავხსნიდით. მე რომ ახლა კანონიერი უფლება და რესურსი მქონდეს, ორ დღეში დავულაგებ გამოძიებას, რა მოხდა და როგორ. თუმცა, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვთხოვე დახმარება, მათ მოიპოვეს ინფორმაცია. საბურთალოელებთან ჩავნერგეთ ჩვენიანი, რომელმაც დააზუსტა, რა როგორ იყო, მაგრამ ამ ინფორმაციას მე ახლა არ გავასაჯაროვებ, რადგან ჰაერზე არ ვილაპარაკებ. ჯერ ფაქტებს შევაგროვებ დოკუმენტურად და შემდეგ. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში მომაწვდიან სრულ ინფორმაციას. ხვდებით ალბათ, რომ ამასაც რომ ვამბობ, ახლა ძალიან ვრისკავ, რადგან ეს ყველაფერი არაკანონიერი გზით არის მოპოვებული“.
თამაზ ხომასურიძის თქმით, მტკიცებულებებით, რომელსაც ის ალტერნატიული გამოძიების დახმარებით მოიპოვებს, დაამტკიცეს, რომ გიორგი შაქარაშვილი, მის მეგობართან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად იმალებოდა ფერადი ფარდულის უკან და სწორედ იქიდან გადავარდა მდინარეში. დაზიანებები კი, რომლის შესახებაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, ხომასურიძის თქმით, მან გადავარდნის შედეგად მიიღო:
„შაქარაშვილს ის ბილიკი არ ჩაურბენია. ძაღლმა სწორედ იმ ფარდულთან აიღო სუნი და იმიტომაც გადაწვეს გარშემო ტერიტორია. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რითი აქვს შაქარაშვილს დაზიანებები მიყენებული. ხელით, ფეხით, ქვით თუ რა საგნით. იქ დიდი ხრამია. ჩვენ დავდებთ დოკუმენტებს თავისი ჩანაწერებითა და გადაღებებით“.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები ვერ განვითარდებოდა სიმაღლიდან ვარდნის ან დაგორების შედეგად.
თამაზ ხომასურიძის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს, შესაძლოა, საბურთალოელები გაუსწორდნენ:
„ჩვენი მანქანები იქიდან პირველ საათზე წამოვიდნენ, საბურთალოელები კი კიდევ კარგა ხანს ტრიალებდნენ იმ ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანით. რას აკეთებდნენ იქ? ჩემი ვერსიით, შესაძლოა, შაქარაშვილს არ აპატიეს, რომ აგარაკზე ჩხუბში არ მიიღო მონაწილეობა და აშველებდა მათ“.
11 აგვისტოს, „ტოიოტა კამრის“ ხუთ მგზავრს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი წაუყენა 109-ე მუხლის „ე“ პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობას.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.
გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.
არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.