ის უპირველესად ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს, ახლაც უჭერს და მომავალშიც დაუჭერს ბელარუსის სახელმწიფოს, მის სტაბილურობას და მომავალს, ვინაიდან ბელარუსი და საქართველო პარტნიორი სახელმწიფოები არიან და მათ ბევრი ორმხრივი ინტერესი აქვთ. ორივე ქვეყანა არის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის მონაწილე:
„გარდა ამისა, ცხადია, 21-ე საუკუნის მსოფლიოში პლანეტის ნებისმიერ წერტილში მომხდარ მოვლენას აქვს დეტონაცია და ეფექტს ახდენს სხვა კონტინენტზე მყოფ ქვეყნებზეც კი და ბელარუსი ნამდვილად არ არის სხვა კონტინენტი და ცხადია, რომ ევროპულ სივრცეში მიმდინარე პროცესებს ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ. როცა საუბარია ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, როგორიცაა თავისუფალი არჩევნები, ნების თავისუფალი გამოვლენა, დემოკრატიზაციის პროცესი და ა.შ., როგორც მინიმუმ, სოლიდარობას იმსახურებს“.
თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ბელარუსის სახელმწიფოებრიობის, მისი სტაბილურობის და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გარდა, საქართველო ახლა აქტიურად უნდა სწავლობდეს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს და გათვლებსაც აკეთებდეს, სავარაუდო რისკების გათვალისწინებით:
„ის, თუ რა ხდება შიგნით, უნდა იყოს ძალიან სერიოზული შესწავლის, დაკვირვების, მუდმივი მონიტორინგის საგანი. ეს არ არის მხოლოდ შიდა პროცესი. იქ არიან ჩარეული გარე ძალები და მათი ჩარევა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ გადაწყვეტილების მერე, რაც უკვე მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა და წუხელ უკვე მოხდა ჯარების მობილიზაცია.
ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ის. ცხადია, ამ დროს საელჩო უნდა მუშაობდეს განსაკუთრებულ რეჟიმში და ელჩი არ უნდა იმყოფებოდეს თბილისში შვებულებაში. ამის კომენტირება საერთოდ არ მინდა.
მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საიდანაც უნდა ვთვლიდეთ პროგნოზებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს“.
„დილის საუბრების“ სტუმარი შეეხო საკითხს, რასთანაც საქართველოში ყველაზე მეტად ასოცირდება ბელარუსი:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. არაერთი ვიზიტი განხორციელდა თბილისიდან მინსკში და რამდენჯერმე ლუკაშენკაც იყო ჩამოსული. ვლაპარაკობ პრეზიდენტ მარგველაშვილის პერიოდზე, როდესაც, საბოლოო ჯამში, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩოხელშეკრულებას, როცა ორმხრივ ფორმატში აღიარებული იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ამაში ძალიან დიდი რესურსი და ძალისხმევა ჩაიდო.
გუშინ მკითხეს - საქართველო ვალშია ბელარუსთანო და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ვალში ამ კონტექსტში არავისთან არის. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რადგან მიღწეული შეთანხმება იყო დაფუძნებული ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან, სტრატეგიულ ინტერესებზე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ეგზისტენციური მნიშვნელობის არის ჩვენთვის, მაგრამ ეს აგრეთვე წარმატების და სიკეთის მომტანი იყო თავად ბელარუსისთვისაც. ვგულისხმობ იმასაც, რომ ამან ხელი შეუწყო ჩვენს შორის ძალიან სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას და მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე ბიზნესფორუმზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, დაახლოებით 200 კონტრაქტი გაფორმდა და ძალიან ბევრი რაღაცის საშუალება მიეცათ ბელარუსელ ბიზნესმენებს საქართველოში აქტივობის მხრივ, ისევე, როგორც ჩვენებს. ეს ბელარუსისთვისაც მომგებიანი იყო, ანუ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მიიღო ჩვენგან.
უაღრესად დასაფასებელია, რომ ბელარუსის დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნურავინ წარმოიდგენს, რომ საქართველო ისეთ ვალშია ვიღაცასთან, რომ ყველაფერზე თავი უნდა დააქნიოს. ეს იყო შეთანხმება, მიღწეული ძალიან დიდი შრომის შედეგად, უშუალოდ პირველი პირების ჩარევით, მაგრამ დაფუძნებული საქართველოს და ბელარუსის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე, რომელიც სიკეთის მომტანია ორივე მხარისთვის“.
თენგიზ ფხალაძე ალიაკსანდრ ლუკაშენკას არჩევანს - მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დახმარებისთვის მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის - „ფატალურს“ უწოდებს, ვინაიდან რუსეთი არა მას, არამედ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს ბელარუსში:
„მეჩვენება, რომ ლუკაშენკამ ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე ცუდი გზა აირჩია, რომელიც დემონსტრაციულად იქნა გაშვებული ტელევიზიით, სადაც მან ასეთი ფრაზა თქვა, რომ ველაპარაკე პუტინს და ვუთხარი, აქ თუ რაღაც მოხდება, შემდეგი შენ იქნები და ეს არის საფრთხე ჩვენი საერთო, სამოკავშირეო სახელმწიფოსთვისო. ამ ფრაზას მინდა მივაქციო ყურადღება.
ბელარუსს და რუსეთს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები, ეს არის სამოკავშირეო სახელმწიფო. არსებობს 1990-იან წლებიდან ეს შეთანხმება. სწორედ ამას გაუსვა ლუკაშენკამ ხაზი და იმავდროულად თქვა, რომ საფრთხე გვემუქრება დასავლეთიდან და ლამის შეიარაღებული ძალები მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში, რომ არიქა, რამე რომ მოხდეს, წინააღმდეგობა გავუწიეთ ნატოს ქვეყნების შემოჭრასო.
ეს არის ფატალური არჩევანი, რადგან: ერთი - უპირისპირდები შენს საზოგადოებას და საკუთარი თავის თვითიზოლაციას, თვითმარგინალიზაციას ახდენ საერთაშორისო ასპარეზზე; მეორე - მცდელობა იმის, რომ მიტინგით უპასუხო საპროტესტო ტალღას და ვნახეთ, რომ ხელისუფლების დაკვეთილ მიტინგზეც იყო საპროტესტო შეძახილები და რაღაც მომენტში ლუკაშენკას გააწყვეტინეს კიდეც სიტყვა.
მან არჩევანი გააკეთა - მიმართა დახმარებისთვის პუტინს. ძალიან რთული იქნება აქედან შემობრუნება. აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ: რუსეთი მანამდეც იყო ჩარეული. ლუკაშენკას მიმართვის მერე, მას მეტი ლეგიტიმაცია მიეცა ქმედებების.
ყველაზე მთავარი აქ არის ის, თუ რა ფასი აქვს რუსეთისთვის ბელარუსს - არა ლუკაშენკას, არამედ ბელარუსს. სავარაუდოდ, დადგება მომენტი, როცა რუსეთმა შეიძლება უარი თქვას ბელარუსის დღევანდელ პრეზიდენტზე ქვეყანაში თავისი გავლენის შესანარჩუნებლად“.
რა დააბალანსებდა ვითარებას და რა რესურსი აქვს დასავლეთს, გაანეიტრალოს რუსეთის არსებული და სამომავლო დამაზიანებელი როლი ბელარუსში? თენგიზ ფხალაძე ხედავს ასეთ პოზიტიურ ძალას, რომელიც უნდა მოხმარდეს ბელარუსის პრეზიდენტის დიალოგში ჩართვაში დარწმუნებას იმისათვის, რომ ამ გზით ბელარუსში შესაძლებელი გახდეს ძალაუფლების გადაცემა:
„დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც, ამ სიტუაციაშიც არ არის ამოწურული მოლაპარაკების რესურსი“.
თენგიზ ფხალაძე ეხება ბელარუსის ოპოზიციის სისუსტეებსაც:
„ერთია ვიღაცის წინააღმდეგ პროტესტში გაერთიანება, მაგრამ სხვა არის, როცა ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იქ ბევრი პატივსაცემი პირია, მაგრამ ფაქტობრივად ვერ ვხედავთ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანებს“.
რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი ბელარუსის საკითხში, ეს, თენგიზ ფხალაძის აზრით, დამოკიდებულია ბელარუსელ ხალხსა და დასავლეთის გზავნილების მკაფიოობაზე:
„რუსეთს საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს ბელარუსში დესტაბილიზაციისთვის: ეკონომიკური, სამხედრო, სანქციების მთელი კასკადი, ჰიბრიდული ომი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ძლიერი იქნება თავად საზოგადოება, რამდენად იქნება რეზისტენტული.
ბელარუსის სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიას, მომავალს ელოდება სერიოზული გამოცდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდას ის ჩააბარებს და გადალახავს გამოწვევებს.
ის, რაც ბელარუსში ხდება, არ არის მხოლოდ ბელარუსის პრობლემა. თუკი პუტინმა არ დაინახა, რომ ის გადაიხდის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ფასს იქ სიტუაციის არევისთვის, მოვლენები შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული გზავნილები დროულად იქნას გამოყენებული. დიდი იმედი მაქვს, არ ვიხილავთ რუსეთის ახალი ჰიბრიდული ომის პოლიგონს ბელარუსის სახით“.
რადიო თავისუფლების რესპონდენტი მოელის, რომ ევროკავშირის ლიდერების 19 აგვისტოს დაგეგმილი ვიდეოკონფერენციის შედეგი იქნება ის, რომ ევროკავშირი ბელარუსის არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს:
„არ მგონია, რომ ამ განცხადებებით ამოიწუროს. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თავად ლუკაშენკა რას გააკეთებს ამ ვითარებაში. მისი ძალიან ცუდი არჩევნის მიუხედავად, მოლაპარაკების რესურსი არ არის ამოწურული.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაციონალიზმი, რითაც, სხვათა შორის, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამოირჩევა ლუკაშენკა (ის აქამდე ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებდა), რომ ეს რაციონალიზმი გაიმარჯვებს.
დასავლეთისგან შეიძლება „დაიცვას თავი“ (არაფერი აქვს დასავლეთისგან დასაცავი), მაგრამ რუსეთისგან თავს ვერ დაიცავს. ყველაზე ცუდი ამ გადაწყვეტილებაში ის არის, რომ როცა ასეთი ფორმით ეპატიჟები პუტინს და მის შეიარაღებულ ძალებს, მერე მისგან თავის დაცვა არის ძალიან ძნელი“.