"ეს გახსენება ახლა სულ სხვაა,
გამზირზე მოდის მაღალი ქალი,
ნეტავ ეს მისი მარაოს ხმაა,
თუ ნაღვლიანად შრიალებს ქარი?!"
„მაღალი ქალი“, იოსებ ნონეშვილის ლექსიდან, ქეთევან ირემაძეა - მწერალი და მთარგმნელი, რომლის „მარაოს ხმა“ ზუსტად 75 წლის წინ, 1945 წლის 19 აგვისტოს დადუმდა.
„მაღალმა ქალმა“, სულ რაღაც 33 წელი იცოცხლა.
„ქეთევან ირემაძე, მძიმე სენით შეპყრობილი, დიდი ტანჯვითა და წამებით გარდაიცვალა. ჩვენმა ოჯახმა მწვავედ განიცადა მისი გარდაცვალება“, - წერს მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი ქეთევანი მოგონებების წიგნში, - „ავადმყოფობის დროს ის გვერდიდან არ გვიშორებდა; ხან დედა, ხან მე ან ჩემი და, ისე ახლოს ვიყავით და ძალზე ვწუხდით, ასეთი ნიჭიერი და სათნო ადამიანი რომ ხელიდან გვეცლებოდა“.
„სათნოო“, - ამას ამბობს ქეთევან ჯავახიშვილი, რეპრესირებული მწერლის ქალიშვილი ადამიანზე, რომელიც „ერთ მშვენიერ დღეს“ ჯავახიშვილებს მათი ბინის დიასახლისად მოევლინა.
საქმე ისაა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ, დიდი მწერლის ბინაში საბჭოთა მთავრობამ შეასახლა მწერალთა კავშირის მდივნისა და ცნობილი კრიტიკოსის, შალვა რადიანის ოჯახი, თანაც შეასახლა ისე, რომ არსებული 4 ოთახიდან 3 გადასცა მას.
შალვა და მიხეილი არასოდეს ყოფილან მეგობრები. უფრო პირიქით, სხვადასხვა ასაკის, შეხედულების და დაჯგუფების წევრები იყვნენ. ჯავახიშვილი აქტიურად თხზავდა, რადიანი კი მკაცრად აკრიტიკებდა.
„ლმობიერ ადამიანს და ულმობელ კრიტიკოსს“, - ასეთი წარწერით უჩუქებია მწერალს თავისი „არსენა მარაბდელი“ კრიტიკოსისთვის.
ქეთევან ირემაძე შალვა რადიანის მეუღლე იყო!
„ასე შემოვიდნენ შალვა რადიანი და ქეთევან ირემაძე ჩვენს ცხოვრებაშიო“, - წერს ქეთევან ჯავახიშვილი და იქვე ამატებს, ისე ვიცხოვრეთ გვერდიგვერდ ქეთევანის გარდაცვალებამდე, რომ უსიამოვნება არ მოგვსვლიაო:
„ქეთევანი შესანიშნავი გარეგნობის, გულთბილი და ძალზე მგრძნობიარე ქალი იყო, ასაკით ის ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. მე ვუყვარდი მას, ჩემ ბედ-იღბალს განიცდიდა და ერთთავად ყურადღების ქვეშ ვყავდი“.
სწორედ ამ ყურადღებამ გადაარჩინა მიხეილ ჯავახიშვილის ხელნაწერები, წიგნები, სხვა მემორიალური ნივთები; გადაარჩინა ჯავახიშვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავეჯი და ჭურჭელი; საბოლოო ჯამში, გადაარჩინა დიდი მწერლის დაობლებული შვილები...
რაც შეეხება აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. პროფესორ ქსენია სიხარულიძის მოგონებების მიხედვით, 19 წლის ქეთევან ირემაძემ ეპოქისა და წყაროების საფუძვლიანი ცოდნით დაწერა და გამოაქვეყნა პირველი ნარკვევები მიძღვნილი ბარბარე ჯორჯაძის, ნინო ორბელიანის, ეკ. გაბაშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი:
„მწერლის შემოქმედების ძირითადი თემა ქალია. ქალის მდიდარ ბუნებასა და მაღალ ინტელექტს მიეძღვნა წერილები „ჩერქეზი ქალი აისე“ და „ქართველი ქალები“. ამავე პრინციპით შეარჩია სათარგმნი ლიტერატურაც.“
ქეთევან ირემაძის თარგმნილია აბატ პრევოს „მანონ ლესკო“, ბალზაკის „ოცდაათი წლის ქალი“, დიდროს „რამოს ძმისწული“, მერიმეს „კარმენი“, დიუმას „ქალი კამელიებით“, კოსტანის „ადოლფი“ და ა.შ.
სწორედ ქეთევან ირემაძის ნათარგმნა „მანონ ლესკომ“ შთააგონა გალაკტიონს ლექსი „წარწერა წიგნზე „მანონ ლესკო“:
მარად ისმის: მარადისი
სიყვარული ძნელია.
ვის ისარი მოხვდა მისი,
მუდამ ცრემლის მღვრელია.
ვარდთა კონის, ბნედა გონის,
ტავერნების ნდომანი...
დე გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...
„აბა, მოიგონეთ მისი გარეგნობა, თვალი გადაავლეთ იმ ინტერესებს, რომლითაც იგი გატაცებული იყო. ეს იყო სტილი, სტილი მაღალი და დახვეწილი, სტილი, რომელსაც იგი არა მხოლოდ შინაგანი ცხოვრებით, არამედ მომხიბლავი გარეგნობითაც ასე მეტყველად გამოხატავდა...“ - წერდა უმცროსი კოლეგის ნიჭით, გემოვნებითა და შრომისუნარიანობით მოხიბლული დემნა შენგელაია, - „აბა, თვალი გადაავლეთ მისი ნაშრომების მხოლოდ უბრალო სიას და თქვენ გაგიკვირდებათ: რა ცოტა იცოცხლა მან და რამდენი იშრომა, რამდენი გააკეთა. “
ბევრად მეტსაც გააკეთებდა თუნდაც რამდენიმე წელი რომ დასცლოდა. უთუოდ დაასრულებდა ისტორიულ რომანს ქეთევან დედოფალზე, რომლის გამოქვეყნებული პირველი თავებიდან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბის შრომა გასწია ავტორმა.
„მისი რომანის თავები ჩვენ მოგვაგონებს ხელსაქმეს, სადაც ყოველი კილო, ყოველი წვრილმანი გულდასმით არის ამოქარგული და ისინი ფერთა წარმტაც გამასა ქმნიან“, - წერდა კრიტიკა.
თუმცა რომანი დაუმთავრებელი დარჩა. გარდაიცვალა 1945 წლის 19 აგვისტოს, კვირას, დილის 7 საათზე, ძუძუს კიბოთი. დემნა შენგელაიას თქმით, მისი სასიკვდილო ტანჯვა არაფრით ჩამოუვარდებოდა საყვარელი პერსონაჟისა და დიდი სეხნიის, ქეთევან დედოფლის ტანჯვას.
„სიკვდილის ბრჭყალებმა ისევე დაგაზა, ისევე დაბჯღალა მისი ნაზი გულმკერდი, ისევე დაშანთა მისი ლერწამივით მოქნილი სხეული, დაწეწა, დაწვა მისი სული, როგორც დაიშანთა და ეწამა მისი სეხნია - ქეთევან წამებული. მან თითქოს თავისი ტრაგიკული ბედი წინასწარვე განსჭვრიტა, როცა ამ დიდებული მანდილოსნის ცხოვრების აღწერა დაიწყო.“
დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, 1945 წლის 23 აგვისტოს. ბევრი ხალხი მივიდა ბოლო გზაზე გასაცილებლად, ბევრი ცრემლი დაიღვარა და ბევრი გულწრფელი სამძიმარი ითქვა... ცხადია, ითქვა ლექსებიც:
მაგონდება შენი წარბი,
წარბქვეშ თვალი ხავერდისა,
ცის რტო იყავ - ცის ლაჟვარდში
გაშლილიყავ არ გეღირსა. (შ. აფხაიძე)