ბელარუსში ჩატარებული არჩევნების კრიტიკული შეფასება სიახლე არ არის. რა ხდება ახლა განსხვავებული ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში? კახა გოგოლაშვილი ჩამოთვლის სიახლეებს:
„პრაქტიკულად, პირველად გამოჩნდა ასეთი ძლიერი ოპოზიცია, რომელმაც რაღაც კონკურენცია მაინც გაუწია ლუკაშენკას; ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და თავად ბელარუსიელი ხალხიც იყურება მომავალში, ანუ გაუჩნდათ იმის განცდა, რომ ლუკაშენკას დამარცხება შესაძლებელია და კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა, რომ ლუკაშენკამ გაიმარჯვა დარღვევებით. თუმცა, ის მაინც გაიმარჯვებდა, რადგან მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს რუსად. მათ შორის არიან ისინი, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან ერთად უნდა იყოს ბელარუსი. მოსახლეობაში ასეთი განწყობები საკმაოდ დიდია, მაგრამ ოპოზიციაც ძალიან ძლიერია უკვე და რადიკალურად განწყობილი.
რა თქმა უნდა, პროტესტების გამო წამოსული ეს რეპრესია, რომელიც დაიწყო ბელარუსში, ცოტა ხნით შეასუსტებს ოპოზიციის შესაძლებლობებს, შეიზღუდება თავისუფლებები და გაძლიერდება ანტიოპოზიციური პროპაგანდა, მაგრამ მომავალში თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ რადიკალიზაცია ხდება, ამ პროდასავლური სენტიმენტების გაღვივება, რომ საბოლოოდ ლუკაშენკა აუცილებლად დამარცხდება და ეს არის დღეს განსხვავებული, რომ გამოჩნდა მეტი ძალა და ორგანიზებულობა ოპოზიციაში“.
კახა გოგოლაშვილი აღწერს ბელარუსის საზოგადოებას და ორგვარ თვითიდენტიფიკაციაზე ლაპარაკობს:
„ბელარუსი არის გარკვეულწილად გახლეჩილი ქვეყანა, სადაც თვითიდენტიფიკაცია არის ორად გახლეჩილი - ერთი ნაწილია ჰომო სოვიეტიკუსი ბელარუსიელები, რომლებიც რუსეთის მცხოვრებლებზე მეტად ჰომო სოვიეტიკუსები არიან და მეორე მხარე არის დასავლური ყაიდის ოპოზიცია, რომელიც ჯერ ვერ ვიტყვი, რომ კლასიკურად სუფთა დასავლური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოებაა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად დაახლოებული დასავლეთის იდეოლოგიებთან და დასავლურ სამყაროსთან, განსაკუთრებით პოლონელებთან და უკრაინელებთანაც. ეს უკვე მასობრივი მოვლენაა ოპოზიციაში. ძლიერი რადიკალიზაცია ოპოზიციის რამდენად მომგებიანია, არ ვიცი, მაგრამ სხვა შესაძლებლობები არ არის“.
კახა გოგოლაშვილი ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებაზე საკუთარ შეფასებებს გვიზიარებს:
„ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებაც საკმაოდ ძლიერია. ხშირად ვხვდები ხოლმე მათ დელეგაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე და ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, კი არა - ყველაზე ორგანიზებული დელეგაციაა. ინტელექტუალურადაც საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავთ.
სიძლიერე არის, როცა არ გაგაჩნია ზედმეტი ორჭოფობა გარკვეულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, შეცდომები აქვთ. ბელარუსი იმყოფება საბჭოთა კავშირის ტრადიციების წნეხის ქვეშ. გარკვეულ ნიშნებს შეამჩნევ საკითხებისადმი საბჭოთა მიდგომებისა, მაგრამ მთავარ საკითხებს - ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას სერიოზულად უდგებიან და მწვავედ აღიქვამენ“.
საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ გარკვეული დადებითი სენტიმენტები აქვთ, რაც ეფუძნება ფაქტს, რომ რუსეთის პარტნიორი ქვეყნის ლიდერმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. კახა გოგოლაშვილი საკითხის სიცხადისთვის ლუკაშენკასავე ვერსიას შეგვახსენებს:
„ოკუპირებული ტერიტორიები რომ არ აღიარა, ამაზე ლუკაშენკას კი არ უნდა ვუთხრათ მადლობა, არამედ ევროკავშირს, რადგან, ლუკაშენკასავე სიტყვებით, საქართველოს ორი რეგიონის არაღიარება მას მოსთხოვა ევროკავშირმა და კონკრეტულად ხავიერ სოლანამ, რომელიც ჩავიდა 2008 წელს ლუკაშენკასთან და სთხოვა, არ ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
თუ ვაღიარებ, რა მომელისო? - ჰკითხა ლუკაშენკამ. სოლანამ უპასუხა, სანქციებიო. თავად ლუკაშენკა ყვება - იმდენი სანქცია ჩამომითვალა და ისეთი საშინელიო, მათ შორის, „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვაო, რომ პირდაპირ ვუთხარი რუსეთს, ძალიან დიდ პატივს გცემთ და მინდა მხარი დაგიჭიროთ, ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობა, მაგრამ ისეთ სანქციებს დამიწესებენ, არანაირად არ მაწყობსო.
აი, რის გამო არ ცნო ლუკაშენკამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. აღიარების საფრთხე რჩება, რა თქმა უნდა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება საერთაშორისო სიტუაცია, რუსეთის ზეწოლა, დასავლეთის მიდგომა. ბელარუსი ბალანსირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის მისი გადარჩენის მთავარი გზა. ის ავტორიტარი მმართველია. მის მიმართ არანაირი ილუზიები არ უნდა ვიქონიოთ“.
კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ დასავლეთი ბელარუსის მიმართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გეოპოლიტიკურ კონტექსტს დააფუძნებს, რაც არ მისცემს მას საშუალებას, იყოს იმდენად მკაცრი, რომ ბელარუსი სრულად შეატოვოს რუსეთს:
„რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკა, რეაქცია და შეიძლება რაღაც სანქციებიც კი დააწესონ, მაგრამ ეს მოხდება იმ დონემდე, სანამ ...
ბელარუსს არ გარიყავენ და არ მიუგდებენ რუსეთს. აქ გეოპოლიტიკური ხედვა და მიდგომა გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა. ვხედავთ, რომ არის სხვა ქვეყნები, რომლებთანაც ევროკავშირს აქვს ურთიერთობა და საკმაოდ კარგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის დიქტატურები, ავტორიტარული რეჟიმები და ცდილობენ მათ თანდათანობით ტრანსფორმაციას. ეს გზა გაგრძელდება და ისეთ ზომებს, რომლებიც ბელარუსის იზოლირებას მოახდენს ევროკავშირისგან, ევროპა არ მიიღებს. კრიტიკა, რა თქმა უნდა, იქნება, რადგან დასავლეთისთვის დემოკრატიული ფასეულობები არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არიან პრაგმატიკოსები და ამ ყველაფერს უყურებენ კონტექსტში და შესაძლებლობების ფარგლებში“.