Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, პროკურატურამ მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

პროკურორის დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ეს განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ, დღეის მდგომარეობითაც, არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც სავალდებულ იყო, რომ ბრალდების მხარეს მათთვის გადაეცა.

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე კი ამბობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ გამოძიებას ჩაერთო სახაზინო ადვოკატი ამ საქმეში. „ჩვენ გამოძიებასა და იურიდიული დახმარების სამსახურს დავუფიქსირეთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არჩილ გაგნიძის ინტერესების დაცვას. ეს გააკეთეს არა იმისთვის, რომ არჩილ გაგნიძის ინტერესებისთვის ზრუნავენ, არამედ უნდოდათ სახაზინო ადვოკატისთვის გადაეცათ მასალები და მისგან მიეღოთ გაუთქმელობაზე ხელმოწერა და შემდეგ ჩვენზე გაევრცელებინათ ეს გაუთქმელობის ხელწერილი“, - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს.

როგორც გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, იმ შემთხვევაში თუ გაუთქმელობას დათანხმდებოდა, საზოგადოება ვერ გაიგებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას უფლება მას ხელი არ მოეწერა გაუთქმელობაზე, კობაიძემ გვპასუხობს: „მე რაც გავაკეთე, საერთოდ მასალები არ ჩავიბარე“. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის არსში გასარკვევად, აქამდე არსებული მასალებიც საკმარისია.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.

„ტოიოტა ქამრიში“ მყოფი 5 მგზავრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ თქვა, პროკურორმა წინასასამრთლო სხდომამდე ორკვირიანი ვადა მოითხოვა, რაც თავის გასამართლებლად და საჭირო არგუმენტების წარმოსადგენად საკმარისი დრო არ არის.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG